კახა კალაძე - დეფიციტის შესავსებად 300-დან 400 მილიონამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაგვჭირდება

დეფიციტის შესავსებად დაგვჭირდება დამატებით დაახლოებით, 300-დან 400 მილიონამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი მოადგილეებთან ერთად ექსპერტებს შეხვდა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, 2015 წელს უკვე დაწყებული გვაქვს 2016 წლის კვოტის გამოყენება.

"დღეს ჩვენ უკვე გარდა იმ 10%-ისა, ასე რომ ვთქვათ, გასული ვართ მინუსში. უკვე 2015 წელს გვქონდა დაწყებული 2016 წლის კვოტის გამოყენება, 50% უკვე გახარჯული გვაქვს, ანუ 130 მილიონში მინუსში ვართ გასული. რა თქმა უნდა, ამის თანხობრივად ანაზღაურება მოგვიწევს. დაახლოებით, დამატებით დაგვჭირდება იმ დეფიციტის შესავსებად 300-დან 400 მილიონამდე კუბური მეტრი აირი", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება შემოთავაზებულ ფასებს, მინისტრმა მისი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ის არის კონკურენტუნარიანი.

"რაც შეეხება შემოთავაზებულ ფასებს, ციფრების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არსებული ფასები, რაც აზერბაიჯანთან გვაქვს, იმაზე ნაკლებია, კონკურენტუნარიანია. ჩვენ ეს ფასები კომპანია "სოკართან" წარვადგინეთ. ვუთხარით აბსოლუტურად გახსნილად, რა შემოთავაზებები იყო. ხვალ გვექნება შეხვედრა "სოკართან" და შესაბამისად, ამის შემდეგ დამატებით განცხადებას გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.