კახა კალაძე - შეგვიძლია უარი ვთქვათ ბუნებრივ აირზე, შემოვიტანოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, მაგრამ ეს ტარიფის მატებას გამოიწვევს

არის მეორე გამოსავალი, უარი ვთქვათ ბუნებრივ აირზე, შემოვიტანოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, თუმცა ეს ტარიფის 4-თეთრიან მატებას გამოიწვევს , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი მოადგილეებთან ერთად ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს გაზმომარაგება და "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.

"არის მეორე გამოსავალი, ჩვენ ვთქვათ - არა! ბუნებრივ აირზე და გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე. რუსეთიდან წამოვიღოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, წამოვიღოთ ასევე თურქეთიდან. ეს არის პლიუს დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ ელექტროენერგიაში და გავაჩეროთ თბოსადგურები. თუმცა, ეს დაახლოებით 4-თეთრიანი ტარიფის მატება იქნება და ამის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში გაკეთდეს გაზსაცავი, რადგან არის სერიოზული დისბალანსი, ზამთარში უფრო მეტია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება, ხოლო ზაფხულში გაცილებით ნაკლები.

"11 მილიონი კუბური მეტრი ყოველდღიური მოხმარება ზაფხულის თვეებში 4 მილიონამდე ჩამოდის. ეს დისბალანსი რომ შევავსოთ, ამიტომ ვსაუბრობ რომ დამატებითი მოცულობების შემოტანა მოვახერხოთ გაზპრომისგან", - განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა დეფიციტის დაფარვის სხვა წყაროებზე, მინისტრმა გაიხსენა 2006 წელი, როდესაც აფეთქება მოხდა კავკასიონის გადამცემ ხაზსა და იმ მილსადენებზე, რომლითაც საქართველოში შემოდიოდა ბუნებრივი აირი და აღნიშნა, რომ იმ დღეებში ირანიდან შემოვიდა ორი საათის მოხმარების ბუნებრივი აირი.

"ასევე, შემოდიოდა აზერბაიჯანიდან რაღაც მოცულობა და ერთი კვირის შემდეგ როცა ეს მილსადენი აღადგინეს, ისევ და ისევ შემოდიოდა რუსული გაზი. ეს არის რეალობა და სიმართლე", - განაცხადა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მინისტრობის პირველივე დღეებიდან ის და თავისი გუნდი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ მოახერხოს ყველა იმ რესურსის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამიტომ, კალაძის თქმით, მიმდინარეობს ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი მათგანი ექსპლუატაციაში შევიდა.

"ასევე ბუნებრივი აირის მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ შაჰდენიზის მეორე ფაზა, პროექტი, რომელიც დაწყებულია 2019 წელს უნდა დასრულდეს და აქედან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.