ბათუმის საბაგიროთი მგზავრობა 100%-ით გაძვირდა

საბაგიროთი მგზავრობა 1 იანვრიდან 10 ლარამდე გაიზარდა

ბათუმის საბაგიროთი სრულწლოვანთათვის მგზავრობა 100%-ით გაძვირდა. თუ აქამდე ორივე გზა 5 ლარი ღირდა, "არგოს" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 იანვრიდან ეს მომსახურება 10 ლარამდე გაიზარდა. კომპანიის მენეჯმენტს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბაგიროს მთავარმა მენეჯერმა ხათუნა შინდელიშვილმა განუცხადა, 15 ლარიანი ვაუჩერის აღების შემთხვევაში, საბაგიროთი მგზავრობა უფასო იქნება, ვაუჩერს კი საბაგიროს ზემო ნაწილში არსებულ კაფეებში გამოიყენებენ. ხათუნა შინდელიშვილის განმარტებით, საბაგიროს მფლობელმა ავსტრიულმა კომპანიამ ტარიფის მომატების გადაწყვეტილება ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით მიიღო. "კომპანია მაქსიმალურად შეეცადა, რომ თანხა არ გაზრდილიყო, მაგრამ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. 10 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა ორი ლარი ღირს, სტუდენტებისთვის სიახლე გვაქვს და ისინი 3 ლარად იმგზავრებენ. სრულწლოვანი მომხმარებლისთვის გვაქვს სპეციალური შემოთავაზება, 15 ლარიანი ვაუჩერების სახით. ვაუჩერის აღების შემთხვევაში, ისინი უფასოდ იმგზავრებენ, ხოლო 15 ლარს საბაგიროს ზემო ნაწილში არსებულ კაფეებში გახარჯავენ", - აღნიშნა ხათუნა შინდელიშვილმა. "არგო" 2013 წლის 16 აგვისტოში გაიხსნა. საბაგიროზე 9 გონდოლა მოძრაობს.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე