გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე ორგანიზაცია "იკომოს საქართველოს" წევრები და სხვა პირები ესწრებოდნენ. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და ის "თბილისის განვითარების ფონდის" დაკვეთით "იკომოს საქართველოს" მიერ მომზადდა. პროექტი ისტორიულ უბანში მდებარე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ, კულტურულ, გეოლოგიურ, ურბანულ კვლევას მოიცავს.

კონსერვაციის გეგმის მიხედვით, გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. როგორც მერმა საუბრისას აღნიშნა, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული სახლების დროებით გამაგრება. განხორციელდა წყალკანალიზაციის, სანიაღვრე სისტემისა და მიწისქვეშა წყლების შენობების საძირკვლისგან მოცილების პროექტი.

"მოედნის კონსერვაციის გეგმა აუცილებელი დოკუმენტია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობა იქნეს შენარჩუნებული და მეორე მხრივ, ის რეაბილიტაციის პროექტები, რომლებსაც ჩვენ ამ მოედანზე ვგეგმავთ მომავალში, მემკვიდრეობის დაცვით იყოს განხორციელებული, რათა ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი მდიდარი მემკვიდრეობა, მეორე მხრივ კი, განვავითაროთ ეს უბანი, რათა ტურისტულად უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ჩვენ გუდიაშვილზე შეკრებილ ადამიანებს წინასაარჩევნოდ მივეცით, ვასრულებთ ამ დაპირებას და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.