კახა კალაძე - "გაზპრომს" ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი მოადგილეებთან ერთად ექსპერტებს შეხვდა. კითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყვით "გაზპრომის" შემოთავაზებაზე, ტრანზიტის საფასურად მოგვცეს არა ბუნებრივი აირი, როგორც აქამდე იყო, არამედ ფული, ხომ არ დაიწყებს რუსეთი სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ირანიდან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრაზეც იყო გაჟღერებული. "სხვათა შორის, ის მოთხოვნა, რასაც რუსეთი აჟღერებს, არის საერთაშორისო პრაქტიკა. დღეს არცერთი ქვეყანა საფასურის სახედ ბუნებრივ აირს არ იღებს", - განაცხადა კალაძემ.