აშშ საქართველოს 4.95 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმიცრესობებისა და დაუცველი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრირების მხადასაჭერად 4.95 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას გამოყოფს. საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის ინფორმაციით, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებს შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობის მიერ 4.95 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის გამოყოფას საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმიცრესობებისა და დაუცველი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრირების მხარდასაჭერად.

"აღნიშნული საგრანტო შეთანხმება დაეხმარება საქართველოს უფრო სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობის საქმეში. ეს რიგით მესამე შეთანხმებაა ორი ქვეყნის მთავრობას შორის; შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, რომელთა ფარგლებშიც შემდეგი ხუთი წლის მანძილზე საქართველო მიიღებს 69.3 მილიონი აშშ დოლარამდე თანხას ქვეყანაში ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესების ხელშესაწყობად. უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. აღნიშნული სამი შეთანხმებით აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ეს შეთანხმებები ადასტურებს ამერიკის მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.