არასამთავრობო სექტორი პარლამენტში კახა კალაძის მისვლას და "გაზპრომის" საკითხის ღია საკომიტეტო განხილვას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების გასაჯაროებას და პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მისვლას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლის ავტორებიც ხაზს უსვამენ, რომ "გაზპრომი" რუსული პოლიტიკური გავლენის სერიოზული იარაღი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, არაგამჭვირვალე ორგანიზაციაა, რომლის ქართულ ბაზარზე რაიმე ფორმით დაბრუნება და მისთვის საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის სერიოზული ბერკეტის გადაცემა დაუშვებელია.

არასამთავრობო სექტორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "გასული წლის 10 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფმა, ღია წერილით მივმართეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს. აღნიშნულ წერილში ვითხოვდით, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, "გაზპრომსა" და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საჯარო საკომიტეტო მოსმენაზე მოეწვია ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი კახი კალაძე. სამწუხაროდ, დღემდე, აღნიშნულ მიმართვას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

ამავე დროს, გასული ორი თვის მანძილზე, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრძელდება ბატონი კალაძის შეხვედრები გაზპრომის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. პრესაში ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმ ხელშეკრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ წლიურად მოხმარებული აზერბაიჯანული გაზის 50% ირანული გაზით ჩანაცვლდება, რომელიც ქვეყანაში სომხეთის გავლით, "გაზპრომის" საკუთრებაში მყოფი მილსადენის საშუალებით შემოვა. შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით. ვინაიდან საკითხი ცდება ჩვეულებრივი კომერციული მოლაპრაკებების ჩარჩოებს და სერიოზული რისკების შემცველია ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის, ჩვენ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვითხოვთ, რომ უახლოეს დღეებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდეს ჩატარებული შეხვედრებისა და გამართული მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება, ხოლო საქართველოს პარლამენტში შედგეს ხსენებული საკითხის ღია საკომიტეტო განხილვა.

როგორც ჩვენი 5 ნოემბრის წერილში აღვნიშნავდით, "გაზპრომი" არის რუსული პოლიტიკური გავლენის სერიოზული იარაღი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, არაგამჭვირვალე ორგანიზაცია. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე გაზპრომის რაიმე ფორმით დაბრუნება და ამით მისთვის საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის სერიოზული ბერკეტის გადაცემა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან ეს ზიანს მიაყენებს როგორც საქართველოს უსაფრთხოებას და სასიცოცხლო ინტერესებს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრი", "საქართველოს ატლანტიკური საბჭო", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური კვლევების ინსტიტუტი", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS)", "სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში", "საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია", "სტრატეგიული კომუნიკაციის და დემოკრატიის ცენტრი", "Georgian review" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".