ლაშა ტუღუში - "გაზპრომთან" იმ ურთიერთობებში არ უნდა შევიდეთ, რასაც დღეს ქართული სახელმწიფო აპირებს

ჩემი აზრით, "გაზპრომთან" ჩვენ არ უნდა შევიდეთ იმ ურთიერთობებში, რასაც დღეს ქართული სახელმწიფო აპირებს , - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც ის სხვა ექსპერტებთან ერთად ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძესა და მის მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის გაზმომარაგებისა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხები იყო.

ტუღუშის შეფასებით, გარკვეული პასუხები მიიღეს, თუმცა "ერთია, როცა პასუხს იღებს და მეორე - რამდენად ეთანხმები იმ მიდგომას, რომელიც დღეს ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან გაჟღერდა".

"ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რაზეც დღეს იყო საუბარი, საკმაოდ დიდ საფრთხეებს შეიცავს. ჩემი აზრით, "გაზპრომთან" ჩვენ არ უნდა შევიდეთ იმ ურთიერთობებში, რასაც დღეს ქართული სახელმწიფო აპირებს. ჩვენ არ უნდა შევიძინოთ დამატებითი რესურსები. არანაირი მოკლევადიანი კონტრაქტი არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენი დამოკიდებულება არ გაიზრდება ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მოვახერხოთ იმ დეფიციტის შევსება, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს საქართველოში გაზთან დაკავშირებით, ან ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება უფრო გააზრებული სტრატეგიების ქონა", - განაცხადა ტუღუშმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "გაზპრომთან" კონტრაქტების დადება საკმაოდ სეროზული შეცდომა იქნება.

"გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ სომხეთში ტრანზიტთან მიმართებით "გაზპრომს" აქვს ინტერესი, გაზის ნატურით მოწოდების ნაცვლად, ფული გადაგვიხადოს. ჯერ ერთი, გვიხდის ბევრად ნაკლებს, ვიდრე ის გაზი ღირს. მეორე - მე მაფიქრებინებს ის, რომ დღეს იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ასეთი მიდგომები უნდა აფიქრებდეს საქართველოს ხელისუფლებას და ისინი კი არ უნდა თმობდნენ პოზიციებს და ასეთი ნაბიჯებით მიდიოდნენ, არამედ პირიქით, უფრო პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავონ", - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, გაზსადენის გაყიდვის საკითხზე საუბარია არ არის.

"კიდევ კარგი, დღეს მოვისმინე, რომ გაზსადენის გაყიდვის საკითხზე საუბარი არ არის. როგორც ჩანს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა ტუღუშმა.