"ქართული ღვინის 2015 წელი"

2015 წლის რთველი, ღვინის ექსპორტი, ახალი ბაზრების მოძიება, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, ვენახების კადასტრი - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო 2015 წლის განმავლობაში ახორციელებდა. გასულ წელს სააგენტოში წარმატებულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ქართული ღვინის ცნობადობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის წლის მთავარი გამოწვევა 2015 წლის რთველი იყო, 30%-ით გაზრდილი მოსავლითა და ყურძენზე შემცირებული მოთხოვნილებით. სააგენტოში აცხადებენ, რომ რთველს თავი კარგად გაართვეს, რადგან დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩენილა. მათივე თქმით, წლის მეორე ნახევარში ექსპორტი დასტაბილურდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

როგორ აჯამებს 2015 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო და რას გეგმავს ის 2016 წელს, ამ და სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილს ესაუბრა.

- 2015 წლის ყურძნის საგრძნობლად მაღალი, თითქმის 30%-ით გაზრდილი მოსავალი მოვიდა, თუმცა წინა წელთან შედარებით, მასზე მოთხოვნა შემცირებული იყო. არსებობდა რისკი, რომ ყურძენი მთლიანად ვერ გადამუშავებულიყო და ფასიც საგრძნობლად დაცემულიყო. რთველის დაწყებამდე საბაზრო ფასი იმაზე ნაკლები გამოდიოდა, ვიდრე ყურძნის თვითღირებულება, ამიტომ მთავრობამ რამდენიმე მიმართულებით მიიღო გადაწყვეტილება, მათ შორის არ შემცირებულა სუბსიდია და შენარჩუნდა იმავე რაოდენობით, რაც წინა წელს იყო. მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ჩვენი სურვილი იყო და დღესაც ჩვენი სურვილია, რომ მევენახეობის სუბსიდირება ნელ-ნელა შემცირდეს, რადგან ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის მისაღები. წელს, ალბათ, ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო, ამიტომ სუბსიდირება არ შევამცირეთ. მეორე - მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაკეთდა სპეციალური იაფი აგროკრედიტი არა მხოლოდ საღვინე, არამედ სპირიტს გამოხდის მიმართულებისთვის. ამან ფაქტობრივად, ყურძენზე მოთხოვნილება ორჯერ გაზარდა.

- რთველის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ დარჩებოდა ჩაუბარებელი ყურძენი და დარჩენილ ოდენობას სახელმწიფო მიიღებდა. თუ გახდა საჭირო სახელმწიფოს ჩარევა?

- აღნიშნულის მიუხედავად, ჭარბი რაოდენობის ყურძენი მაინც დარჩა, რომელიც უკვე სახელმწიფომ ჩაიბარა მინიმალურ, თუმცა თვითღირებულებაზე თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალ ფასად. წელს რაოდენობრივად და ხარისხობრივად კარგი მოსავალი იყო. ჩვენი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ ყურძენი არ გაფუჭებულიყო და დაუწურავი არც ერთი მტევანი არ დარჩენილიყო. პრიორიტეტი იყო ის, რომ კერძო სექტორს აეთვისებინა, მაგრამ ჭარბი ოდენობა სახელმწიფომ ჩაიბარა და გადაამუშავა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოებულმა არც ღვინომ და არც სპირტმა კონკურენცია არ უნდა გაუწიოს კერძო სექტორს, ანუ ბაზარზე ეს პროდუქტი არ მოხვდება.

- რაც შეეხება ექსპორტს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტის საერთო მაჩვენებელი მხოლოდ 2014 და 2013 წლებთან შედარებით არის შემცირებული. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი რამდენი პროცენტია და ამჟამად რა ვითარებაა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის გატანის კუთხით? ასევე სად ხორციელდება ქართული ღვინის ექსპორტი და რა ღონისძიებების ტარდება ახალი ბაზრების ათვისების კუთხით?

- ზოგადად ექსპორტს თუ შევხედავთ, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად იზრდება. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ძალიან გაიზარდა, მაგალითად, 2013 წელს, როდესაც რუსული ბაზარი გაიხსნა და 2014 წელს, როდესაც პიკს მიაღწია და ექსპორტმა ბოლო 25 წლის რეკორდი აჩვენა. იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც რუსეთსა და უკრაინაში ხდებოდა, ექსპორტი 2014 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა გაცილებით მეტია, ვიდრე იყო 2012-2011-2010 წლებში და ა.შ. bpnექსპორტის რიტმი მაინც მზარდია. თუ ამ კლებას გავაანალიზებთ სხვადახვა ქვეყნის ბაზრების მიხედვით, კლება მოდის განსაკუთრებით, უკრაინის, რუსეთის და ასევე ბელორუსიის ბაზრებზე. ყაზახეთში არსებული პრობლემების მიუხედავად, აქ ექსპორტი არ შემცირებულა და სტაბილურია. ამ სამი ქვეყნის გარდა, ყველა ბაზარზე გვაქვს ზრდა, ან სტაბილური ექსპორტი, მათ შორის, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში ექსპორტი გაორმაგებულია და ეს ქვეყანა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვლაში უკვე მე-4 ადგილზე გადავიდა. აშშ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული ბაზარია, აქაც ზრდა გვაქვს, ასევე კანადა, იაპონია. მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ რუსეთშიც უფრო სტაბილური იქნება ექსპორტი. ჩვენს მთლიან ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 2015 წელს დაახლოებით, 52% იყო, თუმცა წინა წელთან შედარებით შემცირებულია - 2014 წელს - 65%. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზრები იყოს დივერსიფიცირებული. სამწუხაროდ, არის ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ არ იციან ქართული ღვინის არსებობის შესახებ. ყველგან უნდა ვიყოთ აქტიურები, წარმოდგენილები, რათა ქართული ღვინო ყველამ გაიცნოს და გაიგოს, რომ ის არის განსაკუთრებული. ამ მიმართულებით შედეგები უკვე გვაქვს. გაცილებით მეტს საუბრობენ დღეს ქართულ ღვინოზე, ვიდრე წინა წლებში.

- როგორც ცნობილია, 2014 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო. რა ეტაპზეა და რას ემსახურება ვენახების კადასტრი?

- 2014 წელს აღიწერა რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონი, ანუ ხვანჭკარა სრულად გვაქვს აღრიცხული. 2015 წელს მონაცემთა ატვირთვა უკვე სპეციალურ პროგრამაში მოხდა და დაემატა ყვარლის რაიონი. დღეის მდგომარეობით, კადასტრი დასრულებულია ხვანჭკარისა და ქინძმარაულის მიკროზონებში. 2016 წელსაც გაგრძელდება აღწერა, ცოტა უფრო დავაჩქარებთ კადასტრის შექმნის პროცესს იმიტომ, რომ პროცესში უკვე იუსტიციის სამინისტრო შემოდის და მთელი საქართველოს აეროგადაღებებს უფრო ჩქარა მოახდენს. ჩვენ დავიტანთ ვენახის მონაცემებს ამ კადასტრში, რომელიც არის ციფრული, ყოველდღიურად განახლებადი. ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება - ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ჩვენ ზუსტად გვაქვს აღრიცხული თითოეული კომპანია რამდენ ლიტრ ღვინოს აწარმოებს, რა დასახელების, ვისგან მიღებული ყურძნისგან დაამზადა ეს ღვინო და მხოლოდ ამის საფუძველზე ხდება პროდუქტის სერტიფიცირება. ამ შემთხვევაში უკვე გვექნება მონაცემები ვენახიდან და ზუსტად გვეცოდინება, რომელი ვენახიდან რამდენი ყურძენი შეიძლება იყოს ნაწარმოები და მიკვლევადობა ბოთლში ჩამოსხმამდე შესაძლებელია უკვე ციფრულად იყოს აღრიცხული.

- პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო სფეროს პოტენციალის განვითარების კვალდაკვალ, სუბსიდირებიდან ნელ-ნელა, ეტაპობრივად გამოსვლა დაიწყება და ამ რესურსს გადამისამართება მოხდება ევროპულ და სხვა ალტერნატიულ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგის მიმართულებით. როდიდან შეიძლება დაიწყოს ეს და როგორ ფიქრობთ, მომავალ წელსაც აუცილებელი გახდება ყურძნის სუბსიდირება?

- გამოსვლა უნდა დავიწყოთ, რაც შეიძლება ჩქარა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ 2016 წელს სრულად თუ არა, ჩარევის პროცესი შემცირდება მაინც. ეს კარგია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი ის, რომ დარგი ზედმეტი ჩარევით უბრალოდ სუსტდება. მეორე - იხარჯება უამრავი საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც თუ მიმართული იქნება უფრო სწორი მიმართულებით, იგივე მარკეტინგში, გაცილებით მეტ ეფექტს გამოიწვევს. დღეს ქართული ღვინის მარკეტინგში იხარჯება, ალბათ, 10-20-ჯერ ნაკლები თანხა, ვიდრე მავენახეების სუბსიდირებაში. თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, სუბსიდირებისა და მარკეტინგის ეფექტები აბსოლუტურად განსხვავებულია. ასე რომ, 2016 წელს შემცირებას ველოდებით, თუ ჩვენს ბაზრებზე რაიმე არ შეიცვალა. ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ექსპორტი უფრო გაიზრდება, შემცირებას არ ვვარაუდობთ, ასე რომ, ალბათ, საჭიროებაც ნაკლები იქნება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. რთველის წინ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი უფრო კარგად გამოჩნდება.

- რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ღვინის ერონული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ღვინის ხარისხის კონტროლია. რამდენად ეფექტურად ხორციელდება ხარისხის კონტროლი?

- ხარისხის კონტროლის სისტემა საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს შეიქმნა და მას შემდეგ იხვეწებოდა. წელსაც კი სერტიფიცრების წესში ცვლილება შევიდა და არსებული სისტემა კიდევ უფრო უკეთესი გახდა. საქართველოში მოქმედი ლაბორატორიები დამოუკიდებელია, მაგრამ ყველა მათგანი უნდა იყოს აკრედიტებული. საქართველოში დღეს არის 5 ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ღვინის ანალიზის გაკეთება და რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აღიარებს. ყურძნის ჩაბარებიდან დაწყებული, თითოეულ ღვინის მწარმოებელზე გვაქვს ზუსტი მონაცემთა ბაზა, ვის რამდენი ღვინო აქვს, რა დასახელების და რა ხარისხის. მთელი წლის განმავლობაში ხდება გადამოწმება. ჩვენ ცალკე განყოფილება გვაქვს, ვინც ამაზე მუშაობს. საბოლოო პროდუქტში სერტიფიცირების მარტივი, მაგრამ ზუსტი სისტემა გვაქვს. ღვინის თითოეული პარტია, რომელიც ექსპორტზე გადის, გაივლის ზუსტ კონტროლს ლაბორატორიებში, რომლებსაც საერთაშორისო აკრედიტაციებიც გააჩნიათ. გარკვეული დასახელების ღვინოები გაივლიან კონტროლს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ სადეგუსტაციო კომისიაში, კერძოდ, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები არა მხოლოდ ლაბორატორიულად, არამედ გემოვნებითაც უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დარგშია დაწესებული. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზებში კონკრეტულ ღვინოებზე უნდა გვქონდეს მონაცემები, რომ ყველა ის პროცესი, რაც გავლილი აქვს, არის კანონმდებლობით დაშვებული. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. ამის გაცემის შემდეგაც ჩვენ გვაქვს მექანიზმი, რომ გადავამოწმოთ ის ღვინო გადის თუ არა ექსპორტზე, რომელზეც სერტიფიკატია გაცემული.

- და ბოლოს, როგორ შეაფასებდით 2015 წელს ღვინოს ეროვნული სააგენტოსთვის და რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი 2016 წელს?

- 2015 წელი ქართული მეღვინეობა-მევენახეობისთვის კიდევ ერთი წარმატებული წელი იყო, იგივე რთველიდან გამომდინარე, სადაც პირველი ნაბიჯი გადაიდგა ყურძნის ბაზარზე ნაკლებად ჩარევის მიმართულებით, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ 2016 წელს გაგრძელდება. წლის მეორე ნახევარში ექსპორტი დასტაბილურდა და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელსაც ასე გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება, იწერება სტატიები, უფრო ხშირად გვახსენებენ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ ქვეყანას, კითხვებს გვისვამენ, გაცილებით მეტად გვიწვევენ საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე. ასე რომ, ამ მიმართულებითაც 2016 წელსაც აქტიურები ვიქნებით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ქართული ღვინო და თავისი ბევრი თვისებით არის გამორჩეული. 2016 წელსაც სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, აზიის ბაზარი, განსაკუთრებით ჩინეთი და რა თქმა უნდა, ევროკავშირი - დიდი ბრიტანეთით, პოლონეთით და ბალტიის ქვეყნებით. 2015 წელს მომზადდა და პარლამენტში "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები შევიდა, რომელიც იმედი გაქვს, რომ 2016 წლის გაზაფხულზე დამტკიცდება. ეს არ ცვლის პოლიტიკას მეღვინეობა-მევენახეობაში, უბრალოდ ვაკეთებთ განახლებას, რომ თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს დაეწიოს. მევენახეობით დაწყებული ეტიკეტირებით დამთავრებული, ფაქტობრივად, ყველა თავში ცვლილება შედის. ხდება განახლება და გათანამედროვება ჩვენი კანონის, რომელიც 1998 წელსაა მიღებული და ბოლო წლებში მასში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა.

ნათია რუხაძე

"ინტერპრესნიუსი"