მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს

"ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ მედიკამენტ OPIDOL-ს მებაჟე-ოფიცრებმა ავტომობილში მიაგნეს, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ჰ. მართავდა. მათივე განმარტებით, ავტომობილი ეჭვის საფუძველზე იქნა დათვალიერებული.

"იმავე დღეს, ასევე ირანის მოქალაქე მ.ჰ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები DIPHNOKIM - 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE- 10 აბი აღმოაჩინეს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. უწყების ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

"ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 11 იანვარსაც საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფზეც". თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ნ.ი.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი APRANAX PLUS აღმოაჩინეს", - აღნიშნავენ უწყებაში. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ამ შემთხვევაში საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.