ბორჯომში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არსებულ ღვარცოფგამტარს რეკონსტრუქცია უტარდება

ბორჯომში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არსებულ ღვარცოფგამტარს (სელედუკს) რეკონსტრუქცია უტარდება. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სამუშაოები აღნიშნულ ობიექტზე 2 კვირის წინ დაიწყო.

"1953 წელს აშენებული ნაგებობა უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების ნორმებს. შეზღუდული მხედველობა კი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდიდა. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ადგილას ახალი ღვარცოფგამტარი აშენდება. მოხდება არსებული ხიდქვეშა გაბარიტის მოყვანა აღნიშნული გზის კატეგორიის გაბარიტებში, მოქმედი ნორმების შესაბამისად. ობიექტის მიმდებარედ 400 მეტრ მონაკვეთზე კი გათვალისწინებულია ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება და ტერიტორიის კეთილმოწყობა", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

მათივე თქმით, როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "მამისონის" დირექტორის მოადგილე ალექსანდრე დანელია აღნიშნავს, ღვარსაშვები გაფართოვდება. მისი სიმაღლე 5.2 მეტრი იქნება. მოიმატებს ნაგებობის სიგანეც.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, ამ ეტაპზე შემოვლითი გზის მოწყობისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. თაღოვანი ღვარსაშვების მშენებლობა-რეკონსტრუქცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი დასრულება 7-9 თვის ვადაშია გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 1 495 000 ლარს შეადგენს.