თბილისის მერიაში კოჯორი-სამადლოს გზის რეაბილიტაციის პროექტის განხილვა მოეწყო

თბილისის მერიაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა დამსწრეებს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს.

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის განცხადებით, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებთან ერთად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

"საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით საჭირო გახდა გზის გარკვეული მონაკვეთის ნარგავებისგან გათავისუფლება. 100 ხე-მცენარის მოჭრისა და 16 ნარგავის გადარგვის ნებართვის მისაღებად უკვე მოგვმართა კეთილმოწყობის სამსახურმა. მესმის, რომ ხეების მოჭრაზე საზოგადობის რეაქცია მტკივნეულია და ასევე მტკივნეულია ეს თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ამ ნარგავების მოჭრა თუ გადარგვა გარდაუვალია, საკომპენსაციო გამწვანების ღონისძიებებს ჩვენი სამსახური შესაბამის სეზონზე ჩაატარებს", - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა კოჯორი-სამადლოს გზის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციისას პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთის დაზიანებამ აღნიშნული გზის დატვირთვა გაზარდა, გზის საფარის სავალალო მდგომარეობის გამო კი, გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დღის წესრიგში დადგა გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოების დაუყოვნებლივ ჩატარება.

შეხვედრაზე არასამთავრობო ოგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენლის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი სახის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვა უნდა ხდებოდეს გარემოზე მიყენებული ზიანის საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე. ნინო სულხანიშვილის განმარტებით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სტრუქტურაში უახლოეს მომავალში შეიქმნება გარემოს დაცვის მონიტორინგის განყოფილება, რომელიც ეკოლოგიურად შეისწავლის მერიის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, შეაფასებს მათი გარემოზე მიყენებულ ზიანს, შემდგომი ღონისძიებები კი აღნიშნული შეფასების გათვალისწინებით ჩატარდება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ჯიარჯი" აწარმოებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 009 000 ლარი გამოიყო.