ნავთობის ფასი შესაძლოა, რამდენიმე ამერიკული კომპანიის გაკოტრების მიზეზი გახდეს

ნავთობის ფასის დაცემა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიების გაკოტრების რისკს ზრდის.

The Wall Street Journal-ის ცნობით, თუ ერთი ბარელი ნავთობი 30 აშშ დოლარი ეღირება, 2017 წლისთვის ამერიკული ნავთობკორპორაციების დაახლოებით ერთი-მესამედი გაკოტრდება.

თუმცა, ანალიტიკოსები აქვე აღნიშნავენ, რომ ამ უკიდურესად უარყოფითი სცენარის აცილება იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნავთობის ფასი 50 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

აშშ-ის სამი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley, Goldman Sachs და Citigroup პროგნოზირებენ, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი მალე 30 აშშ დოლარზე ქვევით დაეცემა.

გუშინ "შავი ოქროს" ფასი 12-წლიან მინიმუმს გაუთანაბრდა და "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა. თუმცა, დღეს ფასი მცირედით  გაიზარდა.

ამერიკული იურიდიული ფირმის, Haynes & Boone-ის მონაცემებით, ნავთობის ფასის დაცემის გამო უკვე გაკოტრდა 30-ზე მეტი მცირე ამერიკული კომპანია. მათი ჯამური დავალიანება 13 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ამერიკული საკონსალტინგო ფირმის Cowen & Co.,-ს პროგნოზით, ნავთობის ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, ამერიკულ კომპანიებს 2014 წელთან შედარებით, ბიუჯეტის შემცირება 51%-ით, 89,6 მილიარდ აშშ დოლარამდე მოუწევთ, რაც 1980-იანი წლების შემდეგ ხარჯების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა ამ დარგში.

დაბალი ფასების მიუხედავად, ნავთობკომპანიები შავი ოქროს მოპოვების მოცულობას არ ამცირებენ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვირას აშშ-ში დღეში ნავთობის 9,2 მილიონ ბარელს მოიპოვებდნენ, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით მეტია.