ქართული ქარვისფერი ღვინო ლონდონის სასტუმრო Ritz-ის მენიუში მოხვდა

ქართველი მეღვინის იაგო ბიტარიშვილის 2007 წლის „ჩინური“ ლონდონში მდებარე ცნობილი სასტუმრო Ritz-ის მენიუში მოხვდა.

როგორც გამოცემა The Drink Business წერს, ქართველი მეღვინის ქარვისფერი ღვინის შეკვეთა სასტუმროს მომხმარებელს ბოთლის გარდა, ჭიქითაც შეეძლება.

„საქართველოში ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი ღვინოს საერთაშორისო ჯიშებისგან ამზადებს, თუმცა ჩინური ნამდვილი ქართული ქარვისფერი ღვინოა“, - აღნიშნავს სასტუმროს სომელიე ჯოვანი ფერლიტო.

კითხვაზე, როგორ მიიღებს ინგლისელი მომხმარებელი ქართულ ქარვისფერ ღვინოს, სომელიე პასუხობს, რომ ინგლისელი მომხმარებელი, განსხვავებით იტალიელებისა და ფრანგებისგან, კარგად ერკვევა სხვადასხვა ქვეყნის ღვინოში.

„იტალიელები მხოლოდ იტალიურ ღვინოში ერკვევიან. მაგალითად, თუ სიცილიელი ხარ, მხოლოდ სიცილიურ ღვინოს სვამ. ასეა ფრანგების შემთხვევაშიც - თუ ბურგუნდიიდან ხარ, მხოლოდ შარდონეს და პინო ნუარს სვამ და უარს ამბობ ბორდოზე“, - აღნიშნავს ჯოვანი ფერლიტო.

განახლებულ მენიუში ლონდონში მდებარე უძველესმა სასტუმრომ, რომელიც წელს 110 წლის იუბილეს აღნიშნავს, 150 ახალი ღვინო დაამატა. მათ შორის, კორსიკადან, ეტნადან, სლოვაკიიდან და სანტორინიდან.

წაიკითხეთ ინგლისურად Georgian Journal-ზე