თამარ კორძაია - ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის მოწოდებულ პასუხს "გაზპრომზე"

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 2015 წლის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხს "გაზპრომთან" დაკავშირებით , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას "გაზპრომის" საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. თამარ კორძაიას ინფორმაციით, როდესაც პირველად დაიწყო საუბარი"გაზპრომთან" ხელშეკრულების ხელახლა გაგრძელებაზე, ფრაქცია "რესპუბლიკელები" დაინტერესდა ამ საკითხით და ვრცელი წერილი გააგზავნა ენერგეტიკის მინისტრთან, პასუხი კი 2015 წლის 30 ოქტომბერს მიიღეს.

"ჩვენ გვაინტერესებდა, იზრდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება საქართველოში, თუ იზრდება, რა სეგმენტზე. ეს არის სოციალური გაზი თუ კომერციული მიწოდება, ასევე თუ იზრდება, გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება მოყვეს "გაზპრომთან" ურთიერთობას. გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით "სოკართან" გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან. სახელმწიფო "გაზპორმიდან" კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვს შესაძლებობა, თავად აირჩიონ მომწოდებელი. შესაბამისად, ამ პასუხში ჩანს, რომ არც სოციალურ გაზზე და არც კომერციულ გაზზე არ იგეგმებოდა გაზრდა რუსეთიდან გაზის ექსპორტის. გუშინ კიდევ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად, რაც აქვს საქართველოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, საჭიროა დასაბუთება თუ რომელ სეგმენტზე გაიზარდა მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში ისე, რომ ეს პირობები შეიცვალა. კორძაიას თქმით, "რესპუბლიკელებისთვის" ასევე მნიშვნელოვანია, გათვლილი იყო თუ არა პოლიტიკური ფასი ამ ურთიერთობების გაღრმავების და გაზის მოწოდების გაზრდის შემთხვევაში.

"როდესაც ჩვენ ასეთი კითხვით მივმართეთ ენერგეტიკის სამინისტროს, პასუხი იყო ასეთი, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არ იგეგმება ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ "გაზპრომიდან" კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ორი თვის წინ პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია არ ხდებოდა, ჩვენ გვაინტერესებს, ამ ორი თვის განმავლობაში რადგან ვითარება შეიცვალა, მოხდა თუ არა და დაიწყო თუ არა პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია და ასევე გვაინტერესებს, რა მოხდა ისეთი, რომ ორი თვის განმავლობაში ამ წერილის შინაარსი შეიცვალა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.