2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 12,8%-ით გაიზარდა

2015 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 1036,1 ათასი ტონა შეადგინა

, რაც 132.6 ათასი ტონით, ანუ 12.8%-ით აღემატება 2014 წლის იმპორტის მაჩვენებელს (903,5 ათასი ტონა).

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, 2015 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 441.0 ათასი ტონა, რაც 67.2 ათასი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 595.1 ათასი ტონა. ეს მაჩვენებელი 65,5 ათასი ტონით მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 297,3 ათასი ტონა ანუ 67,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 134,2 ათასი ტონა, ანუ 30,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,5 ათასი ტონა, ანუ 2,2%.

დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 251,3 ათასი ტონა ანუ 42,2%, L-62 დიზელის საწვავი - 342,3 ათასი ტონა ანუ 57,5%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,3%.

ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით 2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 321,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 255,4 ათასი ტონა – 24,6%; ბულგარეთი - 178,5 ათასი ტონა – 17,2%; რუსეთი - 101,8 ათასი – 9,8%, თურქმენეთი - 85,7 ათასი ტონა – 8,3%, საბერძნეთი - 84,6 ათასი ტონა– 8,2%; ისრაელი - 8,0 ათასი ტონა ანუ 0,8% და სხვა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ინფორმაციას ავრცელებს ასევე სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის შესახებ - 2015 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 86,4 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 9,2 ათასი ტონით ანუ 10.6%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 85,9 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

2015 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 11.4%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.

2015 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 64,6 ათასი ტონა, რაც 13,6 ათასი ტონით, ანუ 21%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.