მაირ მამედოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს

"სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი, მაირ მამედოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში "სოკარის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა განუცხადა. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ "სოკარი" არის აღნიშნული მილის კომერციული ოპერატორი, ამის შესაძლებლობა არის. როგორც მამედოვმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ბუნებრივი აირის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ პერიოდში.

"ჩვენ მოხარულები ვართ ამ შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალი წლის შემდეგ და პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პრემიერის რანგში. ორივე მხრიდან შეხვედრას მაღალი წარმომადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ "სოკარის" პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ძირითადად განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში. ზამთარში მოხმარება იმატებს, თუმცა ეს პროგნოზირებადია. ძირითადად განივიხლეთ შექნილი დეფიციტის შევსება როგორი ტექნიკური გზით შეიძლება. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ", - განაცხადა მამედოვმა.