"გაზპრომის" წილი საქართველოს ენერგობაზარზე გადამწყვეტი ვეღარასდროს გახდება

"ინტერპრესნიუსი" საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, კალაძე - "გაზპრომის" ურთიერთობის თემა ქართულ საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. მინისტრ კალაძის განმარტებებს დამაჯერებლობა თუნდაც იმის გამო აკლია, რომ ხან ამბობს - რუსეთიდან გაზის სანაცვლოდ ფულს ვითხოვთ, ხან აზერბაიჯანის რესურსი არ გვყოფნის, რის გამოც გაზს რუსეთიდან შევიძენთ. ხელისუფლების ოპონენტები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ საქართველოს რუსული გაზის მიღებაში პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. კალაძის შეფასებით, "რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ე.წ. ექსპერტები ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი". ექსპერტთა უმეტესობა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ "გაზპრომის" პირობებზე საქართველოში გაზის ექსპორტი სფეროს დივერსიფიკაცია სულაც არაა და გაზით მომარაგებაში "გაზპრომზე" ფსონის დადება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების რუსეთისათვის მნიშვნელოვანწილად გადაბარება. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟსა და კამათს? კალაძე ექსპერტებს შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ექსპერტთა ნაწილმა განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერია, საუბარია "დეფიციტის შევსებაზე".

- ჩვენ აზერბაიჯანის გაზის რესურსებზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. მოკლედ შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის ველის გაზის რესურსები, სხვა მნიშვნელოვანი რესურსები კი აზერბაიჯანს არ გააჩნია, 1.2 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო ექსპლუატირებადი მარაგები კი დაახლოებით 900 მილიარდი კუბური მეტრის ტოლია. 2012 წელს აზერბაიჯანმა 15.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, 2013 წელს - 16.2 მილიარდი, ხოლო 2014 წელს - 16.9 მილიარდი კუბური მეტრი. 2015 წლის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ასე რომ, გაზის წარმოების სუსტი ზრდის ტენდენცია აშკარად სახეზეა. მაგრამ, 2012 წელს აზერბაიჯანმა 8.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, 2013 წელს - 8.6 მილიარდი, ხოლო 2014 წელს - 9.2 მილიარდი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანის გაზგამანაწილებელი სისტემა ამორტიზებულია, ათეულობით წელი არ გარემონტებულა და საბჭოთა მემკვიდრეობას შეადგენს, ქსელში გაზის დანაკარგი სულ მცირე 15%-ია.

მარტივი არითმეტიკული გათვლები გვიჩვენებს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანი ყოველწლიურად სამხრეთ კავკასიის მილსადენით თურქეთს 6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის იმისთვის, რომ საქართველო მოამარაგოს გაზით, აზერბაიჯანი იძულებულია "გაზპრომიდან" წლიურად სულ მცირე 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინოს. ამ მშრალი სტატისტიკური მონაცემებიდან ორი ძირეული დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი. პირველი, ჩემთვის გაუგებარია, როგორ განვითარდება "შაჰ-დენიზ-2"-ის პროექტი, საიდან გამონახავს აზერბაიჯანი მილსადენის ასავსებად საჭირო გაზის რესურსს. მეორე, მდგრად პერსპექტივაში ჩვენ აუცილებლად გაზის წყაროების დივერსიფიცირება უნდა განვახორციელოთ - მარტო აზერბაიჯანს ვერ ვენდობით. სხვათა შორის, ამ გარემოებას, არაპირდაპირ, აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს. მაგალითად, დღეს თქვენმა სააგენტომ "სოკარის" განცხადება გაავრცელა, რომ ეს კომპანია მზად არის უზრუნველყოს ირანიდან გაზის მიწოდება საქართველოსთვის. ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი უკვე მხოლოდ თავის რესურსებს აღარ ენდობა.

ეხლა, რა უნდა გააკეთოს ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ? რასაკვირველია, აწარმოოს მოლაპარაკება ყველა პოტენციურ გაზის მიმწოდებელთან და აირჩიოს გაზის მოწოდების საუკეთესო და დივერსიფიცირებული სქემა. ასეთი მოლაპარაკებებიდან არც "გაზპრომი" უნდა გამოირიცხოს. ამასთან, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ "გაზპრომი" წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებზე რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის ერთ-ერთ უმთავრეს ბერკეტს. გავიხსენოთ, თუნდაც, 2006 და 2009 წლების რუსეთ-უკრაინის "გაზის ომები". ამიტომ მხოლოდ "გაზპრომზე" ფსონის დადება მიამიტური იქნებოდა და მე მჯერა, რომ ჩვენი მთავრობა ასეთ არაპროფესიულ ნაბიჯს არ გადადგამს. მაგალითად, თქვენთან საუბარში, თუ არ მეშლება, ერთხელ უკვე გავაჟღერე, რომ "გაზპრომთან" ურთიერთობის საუკეთესო მოდელი იქნებოდა გაზის შეძენა ირანში, ამ რაოდენობის გაზის მიწოდება სომხეთისთვის ირან-სომხეთის 700 მმ-იანი გაზსადენით და ზუსტად ამ რაოდენობის ამოღება სტავროპოლ-სამგორი-ერევნის გაზსადენიდან. ასეთი სქემის პირობებში "გაზპრომი" იძულებული იქნება მდგრადად ითანამშრომლოს საქართველოსთან, ვინაიდან უგაზოდ თავის სტრატეგიულ პარტნიორს - სომხეთს ვერ დატოვებს.

- საინტერესო მასალას გავეცანი იმაზე, რომ საბჭოთა პერიოდში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს გაზით ირანი ამარაგებდა. საქართველოს ირანული გაზი აზერბაიჯანის გავლით მიეწოდებოდა. ახლა, როცა ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა და დიდია ალბათობა, რომ მსოფლიო ბაზარზე შესული ირანული ნავთობი და გაზი ფასებს დააგდებს, საქართველოს მიმართულებით "გაზპრომის" გააქტიურება სხვა არაფერია თუ არა "გაზპრომის" ბრძოლა გასაღების ბაზრისთვის. ასეთ ვითარებაში ჩვენ მეტი წინდახედულება ხომ არ გვმართებდა? ვგულისხმობ ირანულ გაზზე ორიენტაციას. გასაგებია, რომ დიდი ოდენობით ირანული გაზის მიღებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ გაუგებარია, რა აუცილებლობაა ისეთი, რომ "გაზპრომის" პირობები მივიღოთ? თუ გაზის მოხმარებამ მოიმატა და აუცილებელი გახდა დეფიციტის შევსება, უნდა დაზუსტდეს - ეს რის ხარჯზე მოხდა? მაგრამ, ამის გასაკეთებლად თავსაც არავინ იწუხებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 137 საწარმო, რომლის ამოქმედებაზეც ხელისუფლება ხშირად საუბრობს, ყველა გაზზე მუშაობდეს. საზოგადოების ნაწილი "გაზპრომთან" გასაფორმებელი შეთანხმების გასაჯაროებას მოითხოვს. ეგეც რომ ნაკლებად სავარაუდოა, ცხადია. ვინაიდან მოპაექრეთა უმრავლესობა თანხმდება - "გაზპრომთან" ურთიერთობების გაზრდა და გაღმავება საქართველოსთვის ზიანის მომტანია, თქვენთვის რა პირობები იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური "გაზპრომთან" შეთანხმების ხელმოსაწერად?

- ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც გაზს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ვიღებდით. სხვათა შორის, ეს დღესაც ირანიდან, კერძოდ, არდაბილიდან, გაზის მიღების საუკეთესო სქემაა. მაგრამ, კარგად მახსოვს 1979 წლის გაზის კრიზისი, როცა აიათოლა ხომეინიმ საბჭოთა კავშირში გაზის ექსპორტი აკრძალა და ირანმა "ონკანი" გაუფრთხილებლად გადაკეტა. ასე რომ, არც ირანია სანდო პარტნიორი.

სანქციები ირანის წინააღმდეგ ჯერ არ მოხსნილა. ისინი, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო გაზაფხულზე თავის დასკვნას, ირანის ბირთვულ სადგურებზე გამოაქვეყნებს. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბუნებრივ აირს სანქციები არასდროს შეხებია და ჩვენ დღესაც სავსებით თავისუფლად გაზი ირანიდან შეიძლება მივიღოთ.

მეჩვენება, რომ უკვე დაგიმტკიცეთ მარტივი ჭეშმარიტება - ენერგოუსაფრთხოების კუთხით ჩვენ ხელშეკრულებები უნდა გვქონდეს ყველა გაზის მომწოდებელთან, იმისთვის, რომ "ურჩი" მომწოდებელი მყისიერად მეორეთი ჩავანაცვოთ. ეხლა, სხვა საქმეა, როგორი იქნება ასეთი ხელშეკრულებების კონკრეტული პირობები. სხვათა შორის, რაც უფრო მეტი კონტრაქტორი გვეყოლება, მით ხელშეკრულება კონკრეტულ მომწოდებელთან, მაგალითად, "გაზპრომთან", ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ასეთი ხელშეკრულებების არსებითი მხარე მთავრობის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

- ამ თემაზე სოციალურ ქსელში ერთ საგულისხმო მოსაზრებას წავაწყდი. იგი საქართველოს ყოფილ ელჩს ჩინეთში, ბატონმა მამუკა გამყრელიძემ გამოთქვა - "ღარიბაშვილმა თქვა "გაზპრომთან" ხელშეკრულება არ დაიდებაო. კალაძემ კი მაინც მშვიდად გააგრძელა მოლაპარაკებები. ვინ უფრო "მთავარია" პრემიერი თუ მინისტრი? პასუხი მალევე მივიღეთ, პრემიერი გადადგა. ახლა იგივე კითხვა მაქვს ახალ პრემიერთან, რა პოზიცია აქვს მას "გაზპრომთან" ხელშეკრულების შესახებ." რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ღარიბაშვილის გადადგომა სწორედ "გაზპრომის" თემას უკავშირდებოდეს?

- თქვენ გააჟღერეთ პრობლემებისადმი არაპროფესიული და პოლიტიზირებული მიდგომის შესანიშნავი მაგალითი. ცალსახად უნდა გითხრათ - ცუდი მშვიდობა კარგ ომზე უკეთესია. რუსეთს აშშ-ზე უფრო ხისტი ოპონენტი არ ჰყავს. აშშ იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ინიციატორი, აშშ-მ ხელოვნურად გააძლიერა თავისი ეროვნული ვალუტა და ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დააგდო. აშშ-მ, გამოიყენა რა "ნავთობის იარაღი", დაშალა საბჭოთა კავშირი. მაგრამ, "ცივი ომის" ურთულეს პირობებშიც, მაშინაც, როცა ბირთვული ომის საშიშროება სრულიად რეალური იყო, აშშ-ს რუსეთთან დიალოგი არ შეუწყვეტია.

პარადოქსია, მაგრამ აშშ-მ რუსეთის სახელმწიფო კომპანია "ნორილსკ ნიკელს" თავისი ერთადერთი მსოფლიო მნიშვნელობის პლატინის "სტილუოტერის" მაღარო მიყიდა. მითხარით, ერთი, რითი ჯობია "თელასის" მფლობელი რუსული კომპანია "ინტერ რაო" "გაზპრომს"? "თელასი" რუსებისთვის კახი კალაძეს ხომ არ მიუყიდია? ან ვინ ფლობს "მადნეულს" და "კვარციტს"? ამერიკელები, ფინელები თუ ქართველები? ვინ აკონტროლებს, ბოლოს და ბოლოს, "ენგურჰესს"? ამაზეც ხომ არ ამოგვეღო ხმა, თუ "ნაციონალების" მმართველობის დროს რუსეთზე გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებზე უნდა დავდუმდეთ?

ვიყოთ თანმიმდევრულები. ან "გაზპრომსაც" შევეგუოთ, ან კიდევ, უმჯობესია, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებზე გასხვისებული სტრატეგიული აქტივების დაბრუნებაზე ვიზრუნოთ. "გაზპრომის" წილი კი საქართველოს ენერგობაზარზე გადამწყვეტი ვეღარასდროს ვეღარ გახდება.

- არ სახელდება კომპანია, რომელმაც საქართველოში გაზის დიდი საცავი უნდა ააშენოს. თუ მაინც გაირკვა რომ ამ კომპანიას "რუსული ძირები" აქვს და საცავი რუსული გაზით უნდა შეივსოს, რა უნდა ვიფიქროთ?

- არა მგონია, რომ თანამედროვე რუსული კომპანიები ფლობდენ სათანადო ტექნოლოგიებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმოშობის გაზით ავსებული გაზის საცავი საქართველოს მფლობელობაში იქნება. ამის პრეცენდენტი უკრაინაში არსებობს.

- ამ დღეებში ლარის კურსის ვარდნა კვლავ დაფიქსირდა. გასაგებია, რომ ლარზე უარყოფითად გავლენის მომხდენი გარე ფაქტორები სულ უფრო მატულობს. სხვა პროცესებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამას წინათ აზერბაიჯანული მანათის სერიოზული ვარდნა დაფიქსირდა. რა ელის ჩვენს ლარს? ჩვენი ლარი რომ მეტ-ნაკლებად კიდევ ინარჩუნებს წონასწორობას ეს რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

- ამ დღეებში ლარმა კიდევ კარგად გაუძლო საერთაშორისო გამოწვევებს. აშშ დოლარი ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ გაძლიერდა ევროსთან მიმართებაში და 1.0970 ნაცვლად 1.0841 შეადგინა. გაგახსენებთ, რომ დოლარის კურსის ხელოვნური გაძლიერება ნავთობზე ფასის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არსებითი ნაწილია. ასევე, ლარის კურსზე ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის გაურკვევლობა მოქმედებს. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ "აზერბაიჯანულ მოულოდნელობებს" ადგილი ნამდილად არ ექნება. ლარის კურსის გაუარესების სხვა მიზეზებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.

- პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "საარჩევნო კანონში" ცვლილებებს, მაგრამ ხელისუფლებას და ოპოზიციას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თამაშის წესებზე კონსულტაციებისკენ მოუწოდა. ცნობილი გახდა, რომ პრემიერი ამ და სხვა საკითხების განსახილველად ინტერფრაქციულ ჯგუფს შეხვდება. გაქვთ მოლოდინი, რომ მმართველი კოალიცია და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისათვის თამაშის წესებში კორექტივების შეტანაზე შეთახმდებიან?

- პოლიტოლოგი და ნათელმხილველი არა ვარ, მაგრამ მშვიდობიან არჩევნებს, სხვა და სხვა ტიპის პოლიტიკური და სოციალური, არც თუ ისე მნიშვნელოვანი, დემარშების ფონზე, ნამდვილად ველოდები.

- 2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, თქვენი კოლეგა ვახტანგ ძაბირაძის აზრით, "წელს უმთავრესი პრობლემა, ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანა იქნება". თქვენი აზრით, მმართველმა კოალიციამ და დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმა რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისათვის მოტივაცია ჰქონდეს?

- თავი დაანებონ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულ კინკლაობას და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე - უმუშევრობაზე, ეკონომიკაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ა.შ. - პროფესიულად, თამამად და ღიად, მაგრამ მშვიდად და ნიშნის მოგების გარეშე იმსჯელონ.

კობა ბენდელინი

"ინტერპრესნიუსი"