მაირ მამედოვის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე გაზსაცავის აშენების შესახებ საქართველოს გეგმები განიხილეს

"სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელის, მაირ მამედოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გეგმები გაზსაცავის აშენების შესახებ. როგორც მაირ მამედოვმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე ამ პროექტს მიესალმება და მხარს უჭერს.

"უკვე არის მოლაპარაკება, რომ ამაში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ფორმატი და კონტურები ჩვენი თანამშრომლობის დამატებით განისაზღვრება. თუმცა დღეს არის სურვილი და თანხმობა ორივე მხრიდან, რომ ეს ერთობლივად გაკეთდეს", - განაცხადა მამედოვმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია ,,სოკარის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ. ,,სოკარის" მხრიდან, კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტი, ასევე საქართველოში ,,სოკარის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი.