ფეხბურთის ფედერაცია ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხს ელოდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის პასუხს ელოდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, თავად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სახელფასო სისტემას, თუმცა ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს და სურს, რომ ცხადაძემ თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხადაძემ ფედერაციის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, კობიაშვილის თქმით, "ამ საკითხზე საუბარი უმჯობესია მაშინ მოხდეს, როდესაც ცხადაძის პოზიცია გახდება ცნობილი". მისივე განმარტებით, იმედი აქვს, რომ პასუხი დადებითი იქნება.

"ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს, თუმცა დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს. ეს იდეა მოიწონა აღმასკომმაც. ახალი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე. კახა ცხადაძის შემთხვევაში ეროვნული ნაკრების მიზანია, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გუნდმა ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი დაიკავოს. მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც, ანუ თუ გუნდი მესამე ადგილზე გავა, მაღალი ჰონორარით ისარგებლებენ მწვრთნელები. ეს სისტემა გავაცანით თავად კახასაც და ველოდებით მის პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სისტემას გაიზიარებს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახას. გვჭირდება, რომ იყოს ჩვენთან და იდგეს ჩვენ გვერდით, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა კობიაშვილმა.

დღესვე სფფ-ს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს ასაკობრივ ნაკრებებში განხორციელებული ცვლილებებიც გააცნო.

კობიაშვილის თქმით, 17 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე დაინიშნა, 19 წლამდელთა ნაკრებს გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია.