უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს

15 იანვარს, უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, სატვირთო მატარებელი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით უკრაინულ საქონელს შუა აზიის ქვეყნებში ჩაიტანს. საქართველოს გარდა, მარშრუტი აზერბაიჯანსა და ყაზახეთზეც გადის. "ბიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომაზე განცხადება თავად უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მისი განმარტებით, მარშრუტის საზღვაო ნაწილი შავ და კასპიის ზღვებზე გადის.

თავის მხრივ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი პივოვარსკიმ განაცხადა, რომ მატარებელი ოდესის ოლქის ქალაქ ილიჩევსკიდან დაიძრება. მარშრუტის საზღვაო ნაწილისთვის გამოიყენებენ საბორნე გადაზიდვებს.