მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა ოფიციალურად გახსნა. როგორც უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, მარნეულის განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით. სასამართლოს, ასევე საკურიერო მომსახურების უზრუნველსაყოფად გადაეცა შესაბამისი ავტომობილები. მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი შემოღებულ იქნა 2005 წელს დაწყებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა. მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

დღეის მდგომარეობით, არსებობს 24 გაერთიანებული რაიონული სასამართლო და 42 მაგისტრი მოსამართლე. გახსნის ცერემონიალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.