როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე

2015 წელს აზერბაიჯანულმა მანათმა დოლართან მიმართებაში დევალვაცია ორჯერ განიცადა.

პირველად აზერბაიჯანული მანათის დევალვაცია 2015 წლის თებერვალში მოხდა, 21 დეკემბერს კი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ვალუტის ფიქსირებული კურსიდან ე.წ. მცურავ კურსზე გადავიდა.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, აზერბაიჯანში შექმნილი სავალუტო კრიზისი მალე ქართული ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.

ლევან კალანდაძის განცხადებით, ერთი მხრივ აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი და მეორე მხრივ, აზერბაიჯანული ბიზნესის დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოში, ქვეყნისთვის გარკვეულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

"იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ ფორმალურად გადავიდა მცურავ კურსზე და სინამდვილეში მკაცრი სავალუტო რეგულაციები დააწესა, აზერბაიჯანიც და ზოგადად იქაური ბიზნესიც დაინტერესებულია საზღვარგარეთ მაქსიმალურად დოლარის მასის გაზრდაზე ორიენტირებული ოპერაციები განახორციელონ. ეს არ არის კატასტროფული ტენდენცია, თუმცა გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევი ფაქტორია, ამიტომ სამომავლო მოქმედებების და მონეტარული პოლიტიკის კორექტირების კუთხით უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში მაინც ხელისუფლებამ ეს რისკ ფაქტორი, როგორც დამატებითი რისკ ფაქტორი ლართან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნავს ლევან კალანდაძე. მისი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ადეკვატური, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის პირობებში, არსებული სიტუაცია შესაძლებელია მეტნაკლებად დაბალანსდეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარება. მისი თქმით, ქვეყანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება მოუწევს. კალანდაძის აზრით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუჯეტის მაქსიმალურად თანმიმდევრული ხარჯვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით გარკვეული გადაცდომების გამორიცხვაა, რათა თავად ბიუჯეტი არ გახდეს ლარის კურსის გაუფასურების მაპროვოცირებელი. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემას უკავშირდება.

,,ამ მხრივ მთავრობის ეკონომიკური გუნდის ჰიპერაქტიური პოლიტიკის განხორციელებაა საჭირო, ქვეყანაში ალტერნატიული სავალუტო ნაკადების შემოდინების მაქსიმალური ზრდა და უზრუნველყოფა საბოლოო ჯამში დააბალანსებს იმ რისკ ფაქტორებს, რაც დღესდღეობით აქტუალურია ჩვენთვის“, - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

რეგიონში შექმნილ სიტუაციას საგანგაშოდ მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია. მისი შეფასებით, აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოს აუცილებლად შეეხება.

„აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადაახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76-ის მიდამოებში დაფიქსირდა, რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე. რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს, დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს.

იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენციის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე, რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც“, - აღნიშნავს ჯგერენაია.

ექსპერტის აზრით, აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას არსებული სიტუაციის კონტრნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო ხელისუფლების სხვადასახვა შტოების, ბიზნესწრეების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან იქნას აცილებული საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროებაც რეგიონში დღითიდღე იზრდება.

კოლეგებს არ ეთანხმება ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე. მისი შეფასებით, აზერბაიჯანში შექმნილი კრიზისი ქართული ეროვნული ვალუტის კურსზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. კაპანაძის თქმით, აზერბაიჯანი მართალია არის საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაზე რაიმე მკვეთრად ნეგატიური გავლენის მოხდენა შეეძლოს.

,,აზერბაიჯანთან გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისად, იქ მიმდინარე კრიზისს საქართველოსთან მიმართებაშიც რაღაც ზეგავლენა ექნება, მაგრამ არა იმდენად მასშტაბური, როგორიც, მაგალითად რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აქვს ჩვენს ქვეყანაზე, ვინაიდან აზერბაიჯანიდან საქართველოში ნაკლებია ფულადი გზავნილების შემოდინება და არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ არის ძალიან დიდი მასშტაბის. საქართველოში მეზობლებთან შედარებით ვალუტის გაუფასურება ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, ვინაიდან მათგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად იყო მიბმული ეგრეთ წოდებულ ნავთობზე დამოკიდებულ ქვენებზე. აზერბაიჯანის კრიზისის მთავარი მაპროვოცირებელი კი სწორედ ნავთობის ფასების შემცირებაა“, - აღნიშნავს ნოდარ კაპანაძე.

ქრისტინე გამთენაძე