თხილის ფასი მკვეთრად დაეცა

აქვს თუ არა პოტენციალი ქართულ თხილს, დამოუკიდებლად გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე

ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში თხილის მწარმოებლები თხილის ფასის მკვეთრ დავარდნაზე საუბრობენ. ამ დროისთვის, 1 კგ კარგი ხარისხის თხილის ფასი 6,50 ლარია, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ 12 ლარამდე ღირდა, ხოლო დაბალი ხარისხის 5,50 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივი ფერმერების თქმით, თხილის მოყვანის, მოვლისა და მოსავლის აღების კულტურის უქონლობიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელიც იყო.

თხილის მწარმოებელი მერაბ კვარაცხელია ამბობს, რომ ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეაქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, ამერიკას, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას, მაგრამ ისინი საქართველოსგან განსხვავებით, კარგი ხარისხის გარანტორი და სტაბილური მიმწოდებლები არიან.

"ამ დროისთვის, ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთთან ერთად, თხილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ არ არსებობს, რაც ბევრი რამით არის განპირობებული. საქმე ის არის, ჩვენი ძალისხმევის მიუხედევად, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ქართული თხილი დამოუკიდებლად ანუ შუამავლის გარეშე არ შედის, შუამავლის როლს კი თურქეთი ასრულებს, რადგან უცხოური კომპანიები მას, როგორც საიმედო პარტნიორს ენდობიან", - აცხადებს კვარაცხელია.

ფერმერი ალექსანდრე ანტონიუკის თქმით, მათ იციან, რომ თურქეთი არასდროს აგდებს ტემპს. თხილის პლანტაციებს იმ სტანდარტებით უვლის, რაც საერთაშორისო ბაზარზე მიღებულია მაშინ, როდესაც ქართველი გლეხი, მხოლოდ სხლავს, ბერტყავს თხილს, აგროვებს და წარმოუდგენელ ვითარებაში აშრობს. "სიმძიმის შესანარჩუნებლად ათასგვარ ხერხს მიმართავენ, ერთი ღამით წყალში ყრიან, მშრალში ურევენ და ისე მიაქვთ მიმღებ პუნქტებში. "მშრალი" ცხადია, პირობითი სიტყვაა, რადგან შრობის წესები ისევე არ არის დაცული, როგორც სხვა დანარჩენი - აშრობენ ნესტიან სარდაფში, პერიოდულად "ურევენ", რათა გული არ გაშავდეს, შემდეგ ტომრებში ყრიან და ასე ინახავენ, სანამ თხილს მათთვის სასურველი ფასი არ დაედება. ასეთ პირობებში შენახული თხილი, ცხადია, უმეტეს შემთხვევაში კარგავს თავის თვისებას, არადა, ქართული, "ანაკლიური თხილი" ზეთოვნებით, გემოთი და სურნელით, ბევრად სჯობს თურქულს. მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდა, საბედნიეროდ, რეალობა თანდათან იცვლება და იმ ფერმერებსაც გაუჩნდათ თანამედროვე სტანდარტების გაცნობის სურვილი, ვისაც ბიზნესი აქამდე უბრალოდ რამდენიმე ჰექტარ მიწაზე მოშენებული თხილის მოყვანა და მოგროვება ეგონა. დარჩელში პირველი საშრობი გაიხსნა, სადაც გარკვეული რაოდენობის თხილის შრობა უფასოდ შეეძლოთ, რათა განსხვავება დაენახათ", - აცხადებს ანტონიუკი.

ფერმერების თქმით, შეუძლებელია ვინმეს რამე აუკრძალო, მაგრამ თხილის ხარისხის უვარგისობას უმეტეს წილად ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი თხილის მიღებისა და ჩაბარების პუნქტები უწყობენ ხელს. ისინი ყველანაირი ხარისხის თხილს იბარებენ და თავად წყვეტენ, რა ხარისხს რა ფასი დაადონ.

"ევროპაში თურქებს იმდენად ენდობიან, რომ არც ამოწმებენ და არც "მცირედი" წუნის გამო უქმნიან პრობლემას. ჩვენ კი, როდესაც საკუთარი პროდუქტით თავის დამკვიდრებაზე ვსაუბრობთ, ხარისხიც შესაბმისად მაღალი უნდა იყოს და რაოდენობაც, რათა სტაბილური და საიმედო პარტნიორის იმიჯი გვქონდეს", - აცხადებს ფერმერი დათო ფიფია.

როგორი იქნება ქართული თხილის ექსპორტის მომავალი? - ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული დარგი ყოველწლიურად მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბაზარზე და ვითარდება სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე.

ფერმერთა თქმით, გლეხებმა და თხილის მწარმოებლებმა უკვე გამოხატეს ინტერესი თხილის მოყვანის კულტურის საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. დაგეგმილია რაიონულ ცენტრებში მეცნიერ-აგრარიკოსების მომზადება და რამდენიმე თხილის საშრობი ცენტრის გაკეთება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიდის, რაც ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენას აგვიანებს.

ლალი პაპასკირი