”საქართველოს განვითარების ფონდი” ენერგეტიკის სამინისტროს წერილით მიმართავს

"საქართველოს განვითარების ფონდი" 18 იანვარს, ენერგეტიკის სამინისტროს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ოფიციალური წერილით მიმართავს. როგორც "საქართველოს განვითარების ფონდის" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი რუხაძემ განაცხადა, არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა.

"ჩვენ ვგეგმავთ ორშაბათს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართოთ და გამოვითხოვოთ ინფორმაცია, რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პასუხგაუცემელი დარჩა. მინდა გითხრათ, რომ იყო კითხვების ნაწილი, რომელზეც ამომწურავი პასუხი მივიღეთ და იყო კითხვების ნაწილი, რომელზე პასუხი ბოლომდე ვერ მივიღეთ. ასევე კვლავაც გაუცემელი დარჩა ეს შეკითხვები ბოლოს უკვე ენერგეტიკის მინისტრისა და "სოკარის" ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე გავარკვიოთ და ინფორმაცია პირველი წყაროდან მივიღოთ", - განაცხადა რუხაძემ. მისივე თქმით, ეს კითხვები ძირითადად შეეხება "შაჰ დენიზი 1"-ის გაზსადენს, ანუ გამავლობას ბაქო-ერზრუმის გაზსადენში.

"ანუ რატომ ვერ ხერხდება დარჩენილი ცარიელი ადგილის ათვისება აზრებაიჯანული გაზის შემოტანისთვის. სწორედ ეს განაცხადა "სოკარის" ხელმძღვანელობამ. ისინი მიიჩნევენ, რომ "შაჰ დენიზი 1"-ის გაზსადენით შესაძლებელია აზერბაიჯანული მოწოდებების გაზრდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ერთ-ერთი კითხვა, რომლის შესახებაც ინფორმაციას გამოვითხოვთ", - განაცხადა რუხაძემ.