დავით ნარმანიამ მის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილი წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი წარადგინა. როგორც დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გიორგი ლილუაშვილი "ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ აღნიშნულ პოსტზე წარმატებით იმუშაოს".

"ის არის განათლებით ეკონომისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 1999 წლიდან მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში. საჯარო სექტორში ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა. რაც შეეხება კერძო სექტორში მის გამოცდილებას, ის გახლავთ "ქართუ ჯგუფის" წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე - შპს "ბურჯში", "ქართუ მშენებელსა" და ბანკ "ქართუში".

მას გააჩნია ყველა უნარჩვევა და თვისება იმისთვის, რომ წარმატებით გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც მერის მოადგილის პოსტი ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც თბილისის განვითარებას და წინსვლას უკავშირდება", - განაცხადა ნარმანიამ. თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა. ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს.