გიორგი ლილუაშვილი - ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდება

შევეცდები ყველანაირად გვერდით დავუდგე არსებულ გუნდს ბატონ დავითის ხელმძღვანელობით დაწყებული პროექტების ბოლომდე მისაყვანად , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილის პოსტზე ახლად წარდგენილმა გიორგი ლილუაშვილმა დღეს თბილისის მერიაში განაცხადა.

გიორგი ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ნდობის გამოცხადებისათვის.

გიორგი ლილუაშვილის თქმით, გრძნობს, რომ ეს მისთვის დიდი გამოწვევაა და ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა, დიდი პატივია, მაგრამ ვგრძნობ რა ამ გამოწვევის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, აბსოლუტურად გავიზიარე შემოთავაზება და ამის შემდეგ მივიღე დადებითი გადაწყვეტილება. შევეცდები ყველანაირად გვერდით დავუდგე არსებულ გუნდს ბატონ დავითის ხელმძღვანელობით დაწყებული პროექტების ბოლომდე მისაყვანად, ასევე ახალი პროექტების შესამუშავებლად. ასე რომ, ჩემი ძალისხმევითა და მუხლჩაუხრელი შრომით, შევეცდები წინ წავწიოთ ქალაქ თბილისის მართვის სისტემა", - განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც დღეს გიორგი ლილუაშვილის წარდგენაზე თბილისის მერმა აღნიშნა, მისი ახალი მოადგილის კანდიდატურა თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად და განსახილველად დღესვე გადაეგზავნება.

წარდგენის შემდეგ გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდება. მისივე თქმით, იმდენი პრობლემა დაგროვდა ქალაქში წინა დროიდან, რომ მათი ერთბაშად მოგვარება გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს.

"იმდენი პრობლემა დაგროვდა ქალაქში წინა დროიდან, რომ მათი ერთბაშად მოვგვარება ალბათ გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის. შევეცდებით ინფრასტრუქტურული პროექტები უმოკლეს ვადაში დავასრულოთ, რაც დაწყებულია და კიდევ უფრო საინტერესო პროექტები შემოგთავაზოთ", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდება.

როგორც თბილისის მერის ახალი მოადგილე აცხადებს, ჯერჯერობით მის საკურატორო სფეროებში შევა გამგეობები, მერიის ადმინისტრაცია, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

როგორც მერიაში აცხადებენ, გიორგი ლილუაშვილის საკურატორო სფეროები საკრებულოს მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ უფრო დაზუსტდება.