"აფბა": მთავრობა აზერბაიჯანული "სოკარის" ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობს

ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე პრაქტიკული მონოპოლისტის – "სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი მიარ მამედოვი პრაქტიკულად უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.

ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მამედოვი აცხადებს, რომ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას ნებისმიერი მოთხოვნის პირობებში, "სოკარი" სრულად უზრუნველყოფს.

როგორც გვიდიანმა აღნიშნა, მიუხედავად ქართული მხარისა და აზერბაიჯანული "სოკარის" მეტნაკლებად ნაყოფიერი თანამშრომლობისა, აუცილებელია ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხში მაქსიმალური დივერსიფიკაცია.

"ამ პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობას აჩენს, თავად საქართველოს ხელისუფლებისა და "სოკარის" თანამშრომლობის წარსული გამოცდილება. ბოლო წლებში "სოკარს" ქართულ ბაზარზე უჭირავს გამოხატულად დომინანტური პოზიცია, არა მარტო ბუნებრივი აირის, არამედ საწვავის ბაზარზეც. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, "სოკარი" არაკეთილსინდისიერად იყენებს მის პოზიციებს საქართველოში, რითაც არღვევს ბაზრის მთავარ პრინციპს, შესაბამისად, ხსენებულ ბაზრებზე, ფასწარმოქმნა არ ხდება თავისუფალი კონკურენციის პირობებში", - განაცხადა გვიდიანმა.

გვიდიანი "სოკარის" არაკეთილსინდისიერი მოქმედებების რამდენიმე მაგალითსაც ასახელებს:

"ფაქტი 1. ავტოგაზი: მოგეხსენებათ, ავტოგაზის ბაზარზე სოკარი ერთადერთი საბითუმო მიმწოდებელია, თავადვე ფლობს საცალო ქსელის მნიშვნელოვან წილს. 2014 წელს ამ კომპანიამ საცალო ქსელში კონკურენტებს გაუზარდა მიწოდების ფასი, ხოლო საკუთარ ქსელში საბითუმო ფასი შეამცირა. შედეგად, კონკურენტი კომპანიების გარკვეული ნაწილი გაკოტრდა და საცალო ქსელში "სოკარის" პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. მოგვიანებით, კომპანიამ ფასები საკუთარ ქსელშიც გაზარდა. მსგავსი მონოპოლიური გადაწყვეტილებით დაზარალდა, ქართველი მომხმარებელი. ფაქტი 2. დიზელი: საქართველოში "სოკარი" აკონტროლებს დიზელის ბაზრის, დაახლოებით, 80%-ს. 2014 წელს საქართველოს უმაღლესი დელეგაცია ბაქოს ეწვია, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საწვავის ფასები. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრები საწვავის მიწოდების ფასების შემცირებას ითხოვდნენ. ამ ფონზე, აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელდა იმავე მამედოვის განცხადება, რომ აზერბაიჯანს პრობლემები ჰქონდა დიზელის მოპოვებასთან დაკავშირებით და საქართველოსთვის მიწოდების შემცირებას, შესაბამისად, დეფიციტის შექმნას გეგმავდა. ეს განცხადება, იყო ერთგვარად საბოტაჟის შემცველი საქართველოს მთავრობის მიმართ, შესაბამისად, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების შესახებ საუბარიც კი შეწყდა", - განაცხადა გვიდიანმა.