აზერბაიჯანში სავალუტო ჯიხურებმა მუშაობა შეწყვიტეს

აზერბაიჯანის მასშტაბით სავალუტო ჯიხურები დაიხურა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო. ვალუტის გაცვლა ახლა მხოლოდ ბანკებში იქნება შესაძლებელი. თუმცა, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, გამონაკლისი დაიშვება ტურისტულ ობიექტებშიც, კერძოდ, სასტუმროებსა და აეროპორტებში.

“ვალუტის გაცვლის ოპერაციების გახშირების გამო, ცენტრალურმა ბანკმა შეზღუდა და შეაჩერა ვალუტის გაცვლის ჯიხურების მუშაობა კომერციული ბანკების ოპერაციების ეფექტურობის, ოპერაციებზე კონტროლის გაძლიერებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საკმარისი რაოდენობის ბანკის ფილიალია, სადაც ვალუტის გაცვლა იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის აზერბაიჯანის მასშტაბით ბანკების 914 ოფისი და ფილიალი მდებარეობს. მათგან 458 რეგიონებშია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე