მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ვარდნა განიცადეს

აზიის საფონდო ბირჟები ნავთობის ფასის შემცირების ფონზე დაეცა.

ჩინური Shanghai Composite ვაჭრობის დროს 1%-ით, რეკორდულ მინიმუმადე, 2921,65-მდე დაეცა.

იაპონურმა Nikkei 225-მა 4,1%-იანი, ჰონკონგის ინდექსმა Hang Seng-მა და ავსტრალიურმა S&P/ASX 200-მა კი 1,6%-იანი ვარდნა განიცადეს.

ინვესტორებმა ჩინური კომპანიების აქციების გაყიდვა გაააქტიურეს იმ საფრთხეების ფონზე, რომ ეროვნული ვალუტის, იუანის დასუსტება ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას გამოიწვევს.

„ჩინეთის საფონდო ბაზარზე მკვეთრი დაცემა წლის დასაწყისში დაიწყო, რაც ინვესტორთა ნდობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - აცხადებს Shenwan Hongyuan Group-ის ანალიტიკოსი უილიამ ვონგი.

ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების Industrial & Commercial Bank of China-სა და PetroChina-ს ქაღალდების კოტირება ბირჟაზე 1,2%-ით დაეცა.

ნეგატიური ტენდენციები შეინიშნება აქციების იაპონურ ბაზარზეც, სადაც ბოლო 5 თვის განმავლობაში მაქსიმალური ვარდნა დაფიქსირდა.

Sumitomo-ს ქაღალდების ღირებულება 6,8%-ით შემცირდა, Sony-ს აქციები კი, 5,5%-ით გაუფასურდა.

აშშ-ის აქციების ბაზარმა გუშინდელი სესია საგრძნობი დაცემით დაასრულა, ინვესტორები სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელთა ფასეულ ქაღალდებს აქტიურად ყიდდნენ.

ნავთობის ფასის შემდგომი შემცირების ტენდენციამ გააძლიერა უარყოფითი ზეწოლა საფონდო ინდექსებზე. Standard & Poor's 500-მა და Dow Jones Industrial Average-მა 29 სექტემბრის შემდეგ მინიმალურ ნიშნულს მიაღწიეს, Nasdaq Composite-მა კი, ყველაზე დაბალ დონეს, 25 აგვისტოს შემდეგ.

ამასთანავე, მცირე და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების ინდექსის, Russell 2000-ის დაცემამ 3,3% შეადგინა.

Goldman Sachs-ის ბანკის აქციათა კურსი 4,1%-ით, რიტელერ Home Depot-ის 4,8%-ით შემცირდა.

Ford Motor-ის ქაღალდების კოტირება 5,1%-ით დაეცა იმის გამო, რომ წელს ამერიკული ავტოკონცერნის რენტაბელურობა ჩრდილოეთ ამერიკაში შესაძლოა გაუარესდეს.

Microsoft-ის აქციები 2,2%-ით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Windows 8-ის საოპერაციო სისტემის მხარდაჭერას წყვეტს.

General Motors-ის საბაზრო ღირებულება კი 0,6%-ით გაიზარდა საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამის გაფართოების ხარჯზე.

Dow Jones Industrial Average-ის ინდექსი 2,21%-ით 16151,41 პუნქტამდე, Standard & Poor's 500-ი 2,5%-ით, Nasdaq Composite კი 3,41%-ით შემცირდა.

უმსხვილესი ამერიკული Exxon Mobil-ი ერთადერთი კომპანია გახდა Dow Jones-ის სიიდან, რომელმაც ზრდა დააფიქსირა.