ზურაბ ტყემალაძე - მართვის მოწმობაზე ქულების დაკლების შემთხვევაში, მძღოლები ადმინისტრაციულად აღარ უნდა დაჯარიმდნენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის აზრით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მძღოლების ორმაგად დასჯა არ უნდა მოხდეს. ამის პრობლემას ტყემალაძე შსს-ს საკანონმდებლო პაკეტში ხედავს, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად, მართვის მოწმობისთვის 100-ქულიანი სისტემის მინიჭებასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, ქულების დაკლებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ტყემალაძე მიიჩნევს, რომ მძღოლი ერთი და იგივე დარღვევის გამო ორჯერ დაისჯება, თუ იგი ადმინისტრაციული წესითაც დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე ქულებიც დააკლდება. "დაჯარიმების გამოყენება და გამოცდის ჩაბარება, ორჯერ დასჯაა ან უნდა იყოს დაჯარიმების ნაწილი, ან ქულების ჩამოწერა", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ტყემალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, ის მხარს უჭერს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას.