საქართველოში წარმოებული მინის პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გადის

საქართველოში წარმოებული 13 სხვადასხვა დასახელების მინის პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გადის , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ. უწყების ინფორმაციით, ამ მიზნით ქსნის მინის ტარის ქარხანაში ჩამოსულია მსხვილი იტალიური კონცერნის "Societa di Santa Aerallba"-ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქართულ საწარმოში ხარისხის კონტროლის და წარმოების პროცესის ჰარმონიზაციის მონიტორინგს აწარმოებს. საწყის ეტაპზე იგეგმება იტალიის ბაზარზე, ჯამურად, 25 მილიონი ბოთლის ტრანსპორტირება, მომავალში კი ამ მაჩვენებლის გაზრდაა დაგეგმილი.

ქსნის მინის ტარის ქარხანას დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი ეწვია. მან ქართული საწარმო დაათვალიერა, საწარმოს ხელმძღვანელებს გაესაუბრა და ასევე ქსნის მინის ტარის ქარხანაში წარმოებულ პროდუქციაზე იტალიური კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრება მოისმინა.

უწყების ინფორმაციით, ქსნის მინის ტარის ქარხნის მფლობელ კომპანიას სს "მინას" იტალიურმა კონცერნმა "Societa di Santa Aerallba"-მ, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სასმელი წყლის წარმოებაა, ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. იტალიაში ექსპორტისთვის რამდენიმე საგანგებო ფორმის, მასალისა და ფერის ბოთლი შეიქმნა, რომელიც ექსკლუზიურად დამზადდა. მინის ნაწარმის დიზაინის შექმნაში როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პროფესიონალები მონაწილეობდნენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნულს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ შეუწყო ხელი.

"როგორც იცით, ასოცირების ფარგლებში ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან. ეს სწორედ ის მაგალითია, რომლის შედეგსაც ჩვენ ველოდებით. კიდევ უფრო მეტ მეწარმეს შეეძლება, სათანადო ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს", – აღნიშნა ბოჭორიშვილმა. სს "მინის" პროდუქცია ექსპორტზე თურქეთსა და აზერბაიჯანშიც გადის. ქართული მინის კომპანიაში ამჟამად 280 ადამიანი მუშაობს და საქართველოს და საექსპორტო ბაზრისთვის 60 ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე