სოზარ სუბარი ბოლო დეკლარაციაში დაფიქსირებულ ბინასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ბოლო დეკლარაციაში დაფიქსირებულ, დოდაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც სუბარმა განაცხადა, აღნიშნული ბინა იყო მშენებარე და მის შესახებ ინფორმაცია 2006 წლიდან მოყოლებული დეკლარაციებში ისახებოდა, თუმცა გასული ორი წლის დეკლარაციაში ვერ მოხვდა იქიდან გამომდინარე, რომ ბინის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ხელშეკრულებები საერთოდ გაუქმდა. გასულ წელს კი, მინისტრის თქმით, ბინის მშენებლობა დასრულდა, მას საკუთრებაში გადაეცა და დეკლარაციაშიც მოხვდა.

"დღეს გამოქვეყნდა ჩემი ახალი დეკლარაცია. ეს არის ჩემი მე-8 დეკლარაცია, რაც სახალხო დამცველი გავხდი. ცვლილება ამ დეკლარაციაში წინა წლებთან შედარებით არაფერია, თუ არ ჩავთვლით ერთ ბინას, რომელიც 2006 წლიდან ყველა დეკლარაციაში ფიგურირებდა ბოლო 2 წლის გარდა. გადახდილი იყო თანხა 2006-07 წლებში. ერთადერთი, რაც იცვლებოდა ამ ბინასთან დაკავშირებით დეკლარაციებში, იცვლებოდა დადებული ხელშეკრულებები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან. ერთი კომპანია გაკოტრდა, მეორეს სამართლებრივი პრობლემა შეექმნა და ა.შ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ბინასთან დაკავშირებით ინფორმაცია აღარ ჩანდა დეკლარაციაში, რადგან ეს ხელშეკრულებები გაუქმდა. ბინის მშენებლობა დამთავრდა, არის ჩემს სახელზე და შესაბამისად აისახა ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში. ერთადერთი ცვლილება არის სწორედ ეს. იმედი მაქვს, რომ ბინა გაიყიდება და დავფარავ იმ ბინის ვალს, რომელშიც ახლა ვცხოვრობ", - განაცხადა სუბარმა.