საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, მათი განმარტებით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 3 მონაკვეთზე: რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) ახალქალაქი-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94-კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.