რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადისგან შესაძლოა გათავისუფლდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აქტიურად განიხილება საქართველოში ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება.

"ჩვენ აქტიურად ვიხილავთ საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას საქართველოში. კერძოდ, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ და მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში, ანუ საუბარი ეხება იმას, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებში, ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ და მხოლოდ განაწილების დივიდენტად გაცემის შემთხვევაში. ხოლო თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსისა და ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის ვარაუდით, შესაბამის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში განიხილავს.

"ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურს გავაკეთებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პარტნიორობის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი უკვე მზა კანონპროექტი განვიხილოთ მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადავგზავნოთ პარლამენტში. კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.