რატომ არის ეროვნული ვალუტის დევალვაცია იძულებითი ნაბიჯი?

"ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკის ქმედებები ძალიან სწორი და აქტიური უნდა იყოს"

2016 წლის პირველ დღეებს საქართველო ეროვნული ვალუტის დევალვაციით შეხვდა: ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 1 იანვარს მოქმედებდა, 2.3966 ლარი გახლდათ, 5 იანვარს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4054 ლარს გაუტოლდა, ხოლო დღეს, 15 იანვარს, ერთი დოლარი უკვე 2.4254 ლარი ღირს. 

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის გაუფასურების პროცესი მომავალში კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ რუსულ რუბლთან, უკრაინულ გრივნასთან ან აზერბაიჯანულ მანათთან შედარებით, ლარი ასე თუ ისე მაინც ინარჩუნებს წონასწორობას.

რატომ ეცემა  ეროვნული ვალუტის კურსი? - ამ შეკითხვაზე ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გვიპასუხა:

"მოდით, ცოტა ხნით თავი დავანებოთ გარე ფაქტორებს, მთავარი მიზეზია ის, რომ ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება ვერ ხერხდება. სავალუტო ბირჟა ჩვენს ქვეყანაში დეფიციტურია და მცურავი კურსის პირობებში ლარი ერთ წერტილზე ვერ გაჩერდება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტორი დღეს იმდენად სახიფათო არ არის. ჩემი აზრით, ბევრად უფრო სახიფათოა ის პროცესები, რომლებიც რუსეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს: ყველა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორის ეროვნული ვალუტის დევალვაცია უფრო მეტად ზრდის ზეწოლას ლარის კურსზე. სამწუხაროდ, ვერ დაგამშვიდებთ, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება, უფრო მეტიც, შესაძლოა ლარის კურსის გაურესების მოწმენიც გავხდეთ".

გია ხუხაშვილის თქმით, ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკის ქმედებები უნდა იყოს ძალიან სწორი და აქტიური, რომ სიტუაცია არ გამწვავდეს და უფრო სერიოზულ პროცესში არ გადაიზარდოს. "არ მინდა ახლა ძალიან მძიმე განცხადებები გავაკეთო, ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ ნებისმიერმა დაუფიქრებელმა განცხადებამ შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა ვალუტის კურსზე. აქედან გამომდინარე, იმაზე მეტს, რაც უკვე გითხარით, ვერაფერს გეტყვით, რადგან ასეთი გამონათქვამები შეიძლება ბიძგის მიმცემი გახდეს უსიამოვნო პროცესებისთვის. ამიტომ, უფრო დეტალური კომენტარისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ეკონომისტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ლარის დევალვაციის გამომწვევ მიზეზებს შორის რამდენიმეს გამოყოფს.

სოსო არჩვაძე: "ლარის დევალვაცია გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ თანდათანობით დაკარგა წონა: თუ იმ ხანებში 1 დოლარი 1,65 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 2,40 ლარზე მეტია. ლარის დევალვაციას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა და აქვს, მაგრამ მთავარი მათ შორის აშშ-ის მიერ არჩეული ძვირი დოლარის კურსია. აშშ-მა გაზარდა საპროცენტო განაკვეთი, რაც ხელს უწყობს იმას, რომ დოლარის მასა შიდა, ამერიკული ინვესტიციებისკენ არის მიმართული. დღეს ამ ქვეყანაში საკმაოდ დაბალია ინფლაციის დონე, ასევე დაბალია უმუშევრობა, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეკონომიკა აშკარად გამოცოცხლებულია. ამის საპირისპიროდ, მსოფლიოში მეორე მსხვილი -  ჩინეთის ეკონომიკა  საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. ეს უკვე დაეტყო ჩინეთის საფონდო ბაზარს და ენერგომატარებლების ფასს, რომელიც 30-დოლარიან მიჯნას ჩამოსცდა. ამ პირობებში თითქმის ყველა ქვეყანამ, რომელთანაც საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს, თავისი ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოახდინა, რის გამოც ამ ქვეყნებიდან წამოსული საქონლის მასა ჩვენს ბაზარზე სერიოზულად იაფდება. თითქმის ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ვალუტამ დევალვაცია განიცადა - იქნება ეს თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, თუ აზერბაიჯანი. შედეგი რა არის? - გასული წლის 11 თვის მონაცემებით, 230 მილიონი დოლარით ნაკლები ღირებულების ნავთობპროდუქტი შემოვიტანეთ, თუმცა რაოდენობა კი არ შეგვიმცირებია, დოლარში გაცილებით იაფად შევიძინეთ. ასევე გავზარდეთ მარცვლეულის შემოტანა და ფასი აქაც ნაკლები გადავიხადეთ. ასეთი ფაქტები სერიოზულ დისბალანსს ქმნის ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან და თავისთავად სტიმულს აძლევს ლარის გაუფასურების პროცესს", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე. 

მისი თქმით, ჩვენი ვალუტის დევალვაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ქვეყანაში შემოსული ფულადი ტრანზაქციების მკვეთრი შემცირებაა.

"საქართველო ინტენსიური შრომითი მიგრაციის ქვეყანაა. დიდი ხნის განმავლობაში სწორედ შრომითი მიგრანტები ახერხებდნენ საქართველოში დარჩენილი ოჯახების უზრუნველყოფას ფულადი სახსრებით. ბოლო ხანებში, ამ სახსრების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. ეროვნულ ბანკს დეკემბრის მონაცემები ჯერ არ დაუდგენია, მაგრამ ნოემბრის ჩათვლით, საშუალოდ, ჩვენთან ყოველთვიურად შემოდიოდა 88 მილიონი დოლარი და ეს მაშინ, როცა 2014 წლის მონაცემებით, ეს ციფრი 122 მილიონი დოლარი იყო, ანუ გასულ წელს საქართველოში თითქმის 35 მილიონი დოლარით ნაკლები თანხა შემოვიდა. შესაბამისად, 2015 წელს უცხოეთიდან დაახლოებით 400 მილიონი დოლარით ნაკლები ფულადი ტრანზაქცია განხორციელდა, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ჩვენი ვალუტის კურსს. გარდა ამისა, გაიზარდა საქართველოდან უცხოეთში გასული ფულადი გზავნილების რაოდენობაც: ქვეყანაში შემოდის ნაკლები რაოდენობის ვალუტა და გადის მეტი, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება", - გვითხრა სოსო არჩვაძემ.

ექსპერტის შეფასებით, უახლოეს პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა ვერ გაიზრდება, არც საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში იქნება რაიმე ცვლილება, ამიტომ, საქართველოს ძალაუნებურად მოუწევს ეროვნული ვალუტის კურსის შეცვლა.

სოსო არჩვაძე: "თითქმის ყველა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი აიაფებს თავის ეროვნულ ვალუტას, რაც ქმნის დამატებით პრობლემებს ქართული საქონლის უცხოეთში გასატანად. ამიტომ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეროვნული ვალუტის დევალვაციისა იქნება ის, რომ შევძლოთ სავაჭრო ბალანსის დაცვა ჩვენს ძირითად პარტნიორებთან. გაიაფებულ, დემპინგურ ფასებში შემოსულ საქონელს შედარებით გაიაფებული ეროვნული ვალუტა უნდა დავუპირისპიროთ, რომ შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ. ასე რომ, ჩვენ იძულებული ვართ ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოვახდინოთ".

ხათუნა ჩიგოგიძე