გიორგი კვირიკაშვილი – მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, შესაბამის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ახალი პარტიების შემოტანასა და რეგისტრაციის აკრძალვაზეა საუბარი, "ათასგვარი პოლიტიკური სპეკულაციები ატყდა".

"პირველ რიგში მინდა გავაკეთო განმარტება, რომ საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდეჯერაც საჭირო იქნება, იმდეჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება ანუ მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ ტიპის მანქანა, შეუძლიათ რამდენჯერაც ნებავთ, იმდენჯერ გაასხვისონ, გადააფორმონ და ა.შ.", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი".

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება და ვთქვა, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.