"კალაძემ "გაზპრომის" პრეზიდენტს თავად შესთავაზა საქართველოს გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება"

„გაზპრომის“ რეალური მიზანი რუსეთის მოკავშირის, სომხეთის გაზით მომარაგება და შემდეგ ეტაპზე, ქართული ბაზრიდან აზერბაიჯანული გაზის გაძევება და აზერბაიჯანული პროექტების დახურვაა.

ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელჰან ალესკეროვი სააგენტო „ტრენდის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ კახა კალაძემ „გაზპრომის“ პრეზიდენტ ალექსეი მილერს საქართველოს გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება თავად შესთავაზა.

„ყველაფერი დაიწყო გასული წლის სექტემბერში ბრიუსელში, როცა კახა კალაძესა და გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარე ალექსეი მილერს შორის "საიდუმლო" შეხვედრა შედგა. ცნობილია, რომ რუსული „გაზპრომი“ აქტიურად ეძებს ბაზარს გაზის გასაყიდად, რომელზეც ევროპასა და ჩინეთში უარს აცხადებენ. ბრიუსელში ქართულმა მხარემ თავად წამოწია საკითხი საქართველოს გავლით სომხეთში მაგისტრალური გაზსადენით რუსული გაზის მოცულობის გაზრდის შესახებ“, - წერს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

მისი მოსაზრებით, აზერბაიჯანში ყველასთვის ნათელია, რომ გაზის „დეფიციტის ანაზღაურება“ რეალური პრობლემა არ არის და ეს საკითხი აზერბაიჯანისთვის ზიანის მომტანია.

ელჰან ალესკეროვი წერს, რომ თბილისის ქმედებები ეჭვს ბადებს, თუ რამდენად გულწრფელია აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი.

„საქართველოში უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციისა და ენერგეტიკული კრიზისის პერიოდებში, აზერბაიჯანი, როგორც ერთგული მეგობარი და მეზობელი, ამ ქვეყანას გაზით, ნავთობპროდუქტებითა და კრედიტებით უზრუნველყოფდა“, - წერს ექსპერტი.