ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში 2016 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 803 000 ლარი გამოიყო

საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში 2016 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 803 000 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ის მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მთავრობის მეთაურის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შტატით გათვალისწინებული 38 თანამშრომელი ჰყავს და მათი ანაზღაურებისთვის ყოველთვიურად 60 650 ლარი გაიცემა, ხოლო მთლიანად 2016 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით სააგენტოში - 803 000 ლარი გაიცემა.

რაც შეეხება კონკრეტულად თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას – სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 3 500 ლარით განისაზღვრა, დირექტორის პირველი მოადგილის – 3 000 ლარით, დირექტორის მოადგილის – 2 600 ლარით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო თვეში – 1 250 ლარი იქნება, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის – 1 700, უფროსი პორტფელის მენეჯერის - 1 800 ლარი, იურისტის – 1650 ლარი, შესყიდვების მენეჯერის - 1 600 ლარი, უფროსი ანალიტიკოსის – 1 800 ლარი და ა.შ. განკარგულება პირველი იანვრიდან ამოქმედდა.