რუსეთიდან გაზის იმპორტიორი "ჯეოტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

შპს "ჯეოტრანსგაზს" საქართველოში "გაზპრომის" გაზი 2015 წლიდან შემოაქვს

ბოლო დღეებში "გაზპრომთან" საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებებით საზოგადოებში გამოწვეულმა აჟიოტაჟმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოში მოქმედი სხვა კერძო კომპანიების სტაბილურობასა და საიმედოობას ბუნებრივი აირის მიწოდების თვალსაზრისით. ამის შესახებ შპს "ჯეოტრანსგაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გასულ დღეებში მედია-საშუალებებში ბატონებმა ზურაბ ტყემალაძემ და დავით მირცხულავამ გააჟღერეს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ აღნიშნულ განცხადებას:

ჩვენი კომპანია, როგორც კერძო კომერციული სტრუქტურა - თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მზად არის, გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან საკუთარი ობიექტებისთვის და სხვა კომერციული მომხმარებლებისთვის, რითაც საჭიროების შემთხვევაში, აღმოიფხვრება საქართველოს ბაზარზე არსებული დეფიციტი", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შპს "ჯეოტრანსგაზი" აღნიშნავს, კომპანიას გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი შპს "გაზპრომექსპორტთან" და 2015 წლიდან აწარმოებს ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან, რაც წარმოადგენს სუფთა კომერციულ ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.