მთავრობის მიერ მონაცემთა ბაზების განთავსებისთვის შექმნილ საიტზე ეროვნული ბანკი, იუსტიციის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ლიდერობენ

მთავრობის მიერ სპეციალურად მონაცემთა ბაზების განთავსებისთვის შექმნილ საიტზე ეროვნული ბანკი, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები და განათლების სამინისტრო ლიდერობენ , - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის www.data.gov.ge-ის მონაცემების მონიტორინგს მოიცავს. როგორც IDFI-ის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ამ ეტაპზე უმეტესი საჯარო დაწესებულებები, უწყებები და ბიზნეს-სექტორი მონაცემებს არ აქვეყნებენ.

"სამწუხაროდ, არ არის არანაირი ბერკეტი კანონმდებლობით, რომ ვალდებულება იყოს, რომ მონაცემები დაამუშაონ და მერე გამოაქვეყნონ ამ პორტალზე. ეს ძალიან ცუდია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს მთავრობა და შესაბამისი ცვლილებები შევა, როგორც მთავრობის დადგენილებაში, ისე კანონმდებლობაში და ეს ვალდებულება გახდება, რომ ყველა უწყებამ ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები სწორედ აღნიშნული საიტის მეშვეობით", - განაცხადა ლევან ავალიშვილმა. მისივე თქმით, დღეს მხოლოდ 117 მონაცემთა ბაზაა გამოქვეყნებული საიტზე, როცა ათიათასობით მონაცემი უნდა იყოს განთავსებული.

ავალიშვილის განმარტებით, აქ საუბარი არ არის რომელიმე უწყების გახსნილობაზე, ან დახურულობაზე, ვინაიდან მონაცემთა გამოქვეყნება სავალდებულო არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის მონაცემთა განთავსების კუთხით აქტიურობენ საქართველოს ეროვნული ბანკი, განათლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ი, ხოლო იმ უწყებებში, რომელთაც ინფორმაციის განთავსების მოთხოვნაზე საერთოდ უპასუხოდ დატოვეს, არიან საკანონმდებლო მაცნე, იუსტიციის სახლი, მთავარი პროკურატურა, სსიპ 112, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსთა პალატა. აღსანიშნავია, რომ საიტი data.gov.ge 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა.