ჰერმესის „ბირკინის“ ჩანთა ფულის დაბანდების საუკეთესო საშუალებად აღიარეს

მოდური ბრენდები შესაძლოა, ფულის დაბანდების ერთ-ერთი საუკეთესო და ნაკლებად სარისკო საშუალება იყოს.

პორტალ Baghunter.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო 35 წლის განმავლობაში ფრანგული მოდის სახლის, ჰერმესის ექსკლუზიური, „ბირკინის“ ჩანთების ღირებულება 500%-ით გაიზარდა.

კვლევის დროს ანალიტიკოსებმა ინვესტირების სამი სხვადასხვა ტიპი - საფონდო ინდექსი S&P 500, ოქრო და ჰერმესის „ბირკინის“ ჩანთები შეადარეს ერთმანეთს. როგორც გაირკვა, ფინანსური ან ეკონომიკური კრიზისების დროსაც კი, ცნობილი ბრენდის წარმოებული ამ აქსესუარის ფასი არასდროს შემცირებულა, პირიქით, მისი ღირებულება ყოველ წელს იზრდება.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ოქროს ფასსა და საფონდო ინდექსებზე, არ მოქმედებს „ბირკინის“ ჩანთებზე, რაც ნიშნავს, რომ ფულის დაბანდება კონკრეტულად ამ აქსესუარში უფრო ნაკლებ საინვესტიციო რისკს შეიცავს.

„ბირკინის“ ჩანთებზე ასეთი მაღალი მოთხოვნა ჩანთის შეძენის სირთულიდან გამომდინარეა. ჩანთის შესაძენად „ჰერმესში“ ჩაწერა წინასწარ არის საჭირო. მოდური აქსესუარის შესაძენად კლიენტს ლოდინი ხანდახან რამდენიმე წლის განმავლობაში უწევს.

ფრანგული მოდის სახლი „ჰერმესი“ „ბირკინის“ ჩანთებს 1984 წლიდან უშვებს. ჩანთა მსახიობ ჯეინ ბირკინის სახელს ატარებს. ბირკინის ბრენდის ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთა გასულ წელს, „კრისტის“ აუქციონზე 222 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე