გიორგი კაკაურიძე - აუცილებელია პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდეს, თარიღს და ვინ წარადგენს, ნაკლებად ვანიჭებ უპირატესობას

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდეს. როგორც კაკაურიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის კანონით დადგენილი და შესაბამისად, ეროვნული ბანკის ანგარიში ყოველთვის უნდა იხილებოდეს.

"რეგლამენტსა და კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ნაკლებად ვისაუბრებ, თუმცა გეთანხმებით, რომ აუცილებელია პარლამენტში იხილებოდეს ეროვნული ბანკის ანგარიში. ეს კანონით არის დადგენილი და შესაბამისად, ყოველთვის უნდა იხილებოდეს. თარიღზე და ვინ წარადგენს მას, ამას ნაკლებად ვანიჭებ უპირატესობას", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პარლამენტისგან ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ბანკის წლიურ ანგარიშს თებერვალში მაინც მოისმენს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი ვერ აკონკრეტებს, განიხილავს თუ არა პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშს.