მთავრობამ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი პროექტი დაამტკიცა

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მთავრობამ კიდევ ორი პროექტი დაამტკიცა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, პირველი პროექტის თანახმად, თბილისში მილიონ 900 000 ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება და ეს იქნება ხის და მეტალის კარის დამამზადებელი საწარმო.

"ვალდებულებით, რომელსაც აღნიშნული საწარმო იღებს, სულ მცირე 40 ათას ხის და 7 ათას რკინის კარს გამოუშვებს წელიწადში", - განაცხადა ქუმსიშვილმა. რაც შეხება მეორე პროექტს, მინისტრის განმარტებით, ის განხორციელდება სამეგრელოში. "პროექტის მიხედვით, ეს იქნება მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ხილიდან სითხის სწრაფი მოშორების მეთოდით დაამზადებს ჩირს, რაც ახალი მეთოდია. 150 ტონა ხილის გადამუშავებაზეა საუბარი და მისასალმებლია, რომ 642 ათასი ლარის ინვესტირებას განახორციელებენ აღნიშნულ პროექტში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, პირველი პროექტის ფარგლებში 80-მდე, მეორის კი 20-მდე პირი დასაქმდება.