დიმიტრი ქუმსიშვილი – აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, არსებობს რამდენიმე პლატფორმა და ამ რამდენიმე პლატფორმის მიმართულებით მუშაობს ქართული მხარე.

"ჩვენ დღეს ევროპასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გამომდინარე იქედან, რომ ევროპასა და ამერიკას შორის მიმდინარეობს ამ წუთში ძალიან აქტიური მოლაპარაკებები, მათ შორის ჩვენ განვიხილავთ იმის შესაძლებლობებს, რომ შევუერთდეთ ევროპის მოლაპარაკებებს. შესაბამისად, თუ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენ როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრი, ისე შევალთ ამ მოლაპარაკებებში და დავასრულებთ ამას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.