ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განსახორციელებლად დევნილების დაფინანსების წილს სამინისტრო დააფინანსებს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განსახორციელებლად დევნილების დაფინანსების წილს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დააფინანსებს. აღნიშნულის შესახებ ცვლილება თბილისის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დეპუტატებმა დღეს მიიღეს. როგორც საკრებულოში აცხადებენ, კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი განიხილეს. საკითხი სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ წარადგინა.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომისიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-110 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება ეხება "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესს". განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დევნილთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, დევნილთა კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წილის დაფინანსება სუბსიდირების გზით მოახდინოს და მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ გადარიცხოს დევნილთა ამხანაგობის მიერ მოთხოვნილი წილი. რაც შეეხება ამხანაგობებს, მათ სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვამდე მიეცემათ შესაძლებლობა, გამგეობას საბანკო ქვითრის ნაცვლად დევნილთა სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება წარუდგინოს.

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით პირველი იანვრიდან კანონში არის ვაკუუმი და ჩვენს დევნილებს მოკლებული აქვს შესაძლებლობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დაუფინანსდეს. საკითხის დამტკიცების შემდეგ ეს ლაფსუსი აღმოიფხვრება. დევნილებს, ისევე, როგორც ჩვენს სხვა თანამოქალაქეებს, ექნებათ შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან გამარტივებული წესით ისარგებლონ. საბანკო გარანტიები საჭირო აღარ იქნება. სახელმწიფო დაუდგებათ გარანტად და ბევრად უფრო ადვილად შეძლებენ მათი პრობლემების აღმოფხვრას", - განაცხადა თედო კობახიძემ. მისივე თქმით, "შესყიდვების შესახებ კანონში" გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რითაც ძველი რეგულაციები გაუქმდა და ვაკუუმი გამოიწვია.