გიორგი აბაშიშვილმა და აზიმ სადიკოვმა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის შესახებ იმსჯელეს. მათივე განმარტებით, გიორგი აბაშიშვილმა აზიმ სადიკოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის მიმდინარეობაზე - არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებთან გამართულ და დაგეგმილ კონსულტაციებთან დაკავშირებით.

"ყურადღება განახვილდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მნიშვნელობაზე", - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

თავად ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შევსება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში - თებერვალში მოხდეს.

"შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლის პროცესს გააგრძელებენ", - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე აბაშიშვილმა და სადიკოვმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებაც, ასევე 2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ძირითადი ფინანსური დოკუმენტითაა განსაზღვრული. "გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ყურადღება გამახვილდა ეროვნული ვალუტის და ინფლაციის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზეც", - აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.