მეტრო "მარჯანიშვილიდან" ზაარბრიუკენის მოედნამდე და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის ფარგლებში, 46 სახლის შეკეთება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, გზის საფარის აღდგენა, მშრალი ხიდის ქვეშ გვირაბის გაკეთება და სხვა ღონისძიებები იგეგმება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოხდება მეტრო "მარჯანიშვილიდან" ზაარბრიუკენის მოედნამდე და ასევე მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

"ეს გულისხმობს, ერთის მხრივ, 46 სახლის რეაბილიტაციას, მეორეს მხრივ, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, გზის საფარის აღდგენას, გარე განათებას, ასევე დამატებით საზოგადოებრივი სივრცეების გაკეთებას. მშრალი ხიდის ქვეშ გვირაბის გაკეთებას და მიმდებარე ტეროტორიების კეთილმოწყობას, რაც როგორც ტურისტული, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული პროექტის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს.

"მივიღეთ თანხმობა გამარტივებული შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც, მოხდება კომპანიების მხრიდან ფასების წარმოდგენა, შესაბამისად, საუკეთესო პირობების მქონე კომპანიები შეირჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ", - განაცხადა ნარმანიამ.