ზაალ ხონელიძე - ბაგა-ბაღების აღსაზრდელების უხარისხო გამოკვების ხარჯზე ქუთაისის მერი და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ფულს აკეთებენ

ქუთაისის #1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელების უხარისხო გამოკვების ხარჯზე ქუთაისის მერი და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ფულს აკეთებენ. ხონელიძის თქმით, უხარისხო პროდუქტებთან დაკავშირებით, ის ქალაქის ხელმძღვანელობას სისტემატიურად აფრთხილებდა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

"უხარისხო მაწონი, კარაქი და წვრილი ვაშლები მოაქვთ ბაღებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროდუქტების მომწოდებლებთან ქალაქის მერი შოთა მურღულია და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე გარიგებაში არიან შესულები. ბავშვები რომ მოიწამლონ, ისინი იქნებიან პასუხისმგებლები", - აცხადებს ზაალ ხონელიძე. ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებს ბაღების გაერთიანებაში უპასუხეს, ნანა ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებისგან შეიტყო. მისივე თქმით, პროდუქტებს მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურად ამოწმებს.