საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, საინტერნეტო მისამართები მხედრული ანბანით დაწეროს შემდეგი დაბოლოებით ".გე"

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანით, შემდეგი დაბოლოებით ".გე". აღნიშნულთან დაკავშირებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი, რომელიც ".გე" დომენების კოორდინატორია საქართველოში, 20 იანვარს, 14:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", თამარ მეფის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ის პროცედურები, რომელიც საქართველომ გაიარა ამ პრივილეგიის მინიჭებამდე. ასევე, განხილული იქნება ქართული საინტერნეტო მისამართების რეგისტრაციის ვადები და პირობები. პრესკონფერენციას დაესწრებიან მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) ვიცე-პრეზიდენტი მიხაილ იაკუშევი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და ICANN/GAC-ის საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი მზია გოგილაშვილი.